მარჯანიშვილის თეატრის წინ თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნება
თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ, 25 იანვარს, საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატის – თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნება.
სპეციალურად ამ დღისთვის რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა 1982 წელს თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული ცნობილი სპექტაკლის – „ასი წლის წინათ“ ერთი მოქმედება აღადგინა, სადაც თენგიზ არჩვაძე ილია ჭავჭავაძის როლს ასრულებს. განახლებული წარმოდგენის პირველი ჩვენებაც სწორედ ვარსკვლავის გახსნის დღეს შედგება. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები: გივი ბერიკაშვილი, დავით დვალიშვილი, ნატო არჩვაძე, პოეტი თემურ ჩალაბაშვილი, ანსამბლი „ერისიონი“ და სხვ. კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი რიგით მეექვსეა. თენგიზ არჩვაძე ქართულ სცენასა და ეკრანს, უკვე 55 წელია, ამშვენებს.