აქტუალური
I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა მისია ოფიციალურად გადაიბარა

   საქართველო, 25 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე - ქაბულში გაიმართა. მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა როტაციის წესით I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული ჩაანაცვლა.

„მე-11 ბატალიონის „ალფა“ ასეული სამშობლოში ბრუნდება. მათ იმ სტანდარტს გადააჭარბეს, რომელიც ექვსი თვის წინ მათთვის დავაწესე. ისინი საქართველოში ამაყად ბრუნდებიან, რადგან მათზე დაკისრებული ამოცანები წარმატებით შეასრულეს. ქართველი სამხედროები ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებენ. მივესალმები მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეულს. ძალთა დაცვის პასუხისმგებლობასთან ერთად, მიიღეთ გამოწვევა და გააგრძელეთ იმ სტანდარტების გაუმჯობესება, რომლებიც თქვენმა წინამორბედმა ასეულებმა გვიჩვენეს. დარწმუნებული ვარ, ამოცანის შესრულების პერიოდში თქვენი ქვედანაყოფიც თქვენს სამშობლოს სიამაყის საფუძველს მისცემს“, - აღნიშნა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საშტაბო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა სეტ გლედსტოუნმა.