საზოგადოება
საქართველოს სახელმწიფო უსართხოების სამსახურმა შპიონაჟში შემჩნეული 99 პირი გამოავლინა

   საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. გამოვლენილია უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში სამსახური აქტიურად საქმიანობდა კონტრდაზვერვითი მიმართულებით.

მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლა, ასევე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენა და აღკვეთა. კონტრდაზვერვითი ამოცანების სრულყოფილი შესრულებისთვის ხორციელდებოდა ქვეყანაში შექმნილი ოპერატიული ვითარების მონიტორინგი. გამოვლენილია უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა ქმედებებში იკვეთება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირის ნიშნები. დადგენილია მათი კონტაქტები საქართველოს მოქალაქეებთან. მიმდინარეობს აღნიშნული კონტინგენტის ოპერატიული შესწავლა, რათა დროულად აღიკვეთოს შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები სადაზვერვო ინფორმაციისა და შესაბამისად, სასურველი შედეგის მიღებას, არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ე.წ. „რბილი ძალის“ კონცეფციის მიხედვით ცდილობენ. აღნიშნულის განეიტრალების მიზნით, კომპლექსურად და გეგმაზომიერად ტარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები საქმიანობაში ჩართული ძალებისა და მათი დაფინანსების წყაროების გამოსავლენად, ასევე, იმ პირთა დასადგენად, რომლებიც შესაძლოა თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან. აქტიურად მიმდინარეობდა უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სისტემებიდან ინფორმაციის გადინებისა და ხსენებულ ორგანიზაციებში დეზინფორმაციის მოხვედრისა და გავრცელების პრევენცია, ჯაშუშების შეღწევის შესაძლო არხების გამოვლენა და შესაბამისი კონტრღონისძიებების გატარება. შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის კუთხით, მიმდინარეობდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფ პირთა მუდმივი მონიტორინგი, ასევე ცალკეულ პირთა მიერ დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა. ამ მიმართულებით ოპერატიული ღონისძიებები ტარდება 99 პირის მიმართ. გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კუთხით. დაიხვეწა საიდუმლოებაზე დაშვების მექანიზმები. 2016 წლის განმავლობაში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, 2016 წლის 20 აგვისტოს ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა საქართველოს 7 მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ დასახელებული პირები ამზადებდნენ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთი-სომხეთის გაზსადენის ღია მონაკვეთის დაზიანებას აფეთქებით. შვიდივე პირი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით სხვადასხვა კვალიფიკაციით. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა. ხაზგასასმელია უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების დაცულობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა, სულ 25 სუბიექტი. 2016 წლის განმავლობაში, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა სამსახურსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს შორის. ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი სათანადო დახმარებასა და კონსულტაციებს უწევს შესაბამის ორგანიზაციას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით”, – განაცხადა გომელაურმა.