პოლიტიკა
რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის ს. ლავროვის ორდღიანი ვიზიტი აფხაზეთში

   საქართველო, 20 აპრილი, საქართველო. 2017 წლის 18 აპრილს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთში ჩავიდა. სოხუმის აეროპორტში მას დახვდნენ პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე. აეროპორტში იმყოფებოდნენ აგრეთვე აფხაზეთის ელჩი რუსეთში იგორ ახბა და რუსეთის ელჩი სოხუმში სემიონ გრიგორიევი. ლავროვს ღვინით სავსე ყანწითა და აჩაშვით მიეგებნენ. რუსი მინისტრი აფხაზეთს 2011 წლის აპრილის შემდეგ პირველად ეწვია.

18 აპრილს, სამშაბათს, ლავროვმა მონაწილეობა მიიღო აფხაზეთში რუსეთის საელჩოს შენობების ახალი კომპლექსის გახსნის ცერემონიაში, ხოლო ოთხშაბათს, 19 აპრილს, ხაჯიმბასთან და კოვესთან მოლაპარაკება გამართა და აფხაზეთის პრეზიდენტთან სახელმწიფო საზღვრის საკითხებზე იმსჯელა. “უნდა განვიხილოთ თემები, რომლებზეც მუშაობა დასამთავრებელი გვაქვს. ეს არის საზღვარიც, ეს არის ქონებრივი ურთიერთობებიც. ჩვენ დაინტერესებული ვართ, მხარი დავუჭიროთ თქვენს კურსს აფხაზეთის თითოეული მცხოვრებისათვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფაზე, რათა აქ თავს ყველა მშვიდად, ეროვნულ თანხმობაში გრძნობდეს”, - თქვა ლავროვმა მოლაპარაკების დაწყებისას.

“რა თქმა უნდა, საერთაშორისო საქმიანობაც გვაინტერესებს, აქტიურად ვთანამშრომლობთ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში და სამართლიან მიდგომას ვიცავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანი კონტექსტია საგარეო პოლიტიკურ საქმეებში აფხაზეთის მონაწილეობის თვალსაზრისით”, - დასძინა მან.

აფხაზეთში რფ-ის საელჩოს გახსნაზე ლავროვმა დიპლომატებსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიულოცა “ძალიან კარგი დღესასწაული, აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩვენი საელჩოს ახალმოსახლეობა”. როგორც მან განაცხადა, დარწმუნებულია, რომ საელჩო “მეორე სახლი გახდება არა მარტო ჩვენი დიპლომატებისთვის, არამედ ყველა მათი მეგობრისთვის აფხაზეთში, ყველა მეგობრისთვის დიპლომატიური კორპუსიდან”.

ლავროვმა მადლობა გადაუხადა რუს და აფხაზ მშენებლებს, რომლებმაც ახალი შენობა აღმართეს: “ეს პროექტი უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ლტოლვა რაღაც განსაკუთრებული გიგანტიზმისკენ არქიტექტურაში. ეს პროექტი, მისი სიდიადე ასახავს რფ-ის დამოკიდებულებას მოძმე, მოკავშირე აფხაზი ხალხისადმი. ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა”.

მეტი მოსახერხებლობისათვის საელჩო და საკონსულო ერთ ჭერქვეშ განთავსდნენ. მშენებლებმა ყველაფერი გაითვალისწინეს, მათ შორის - კომფორტული სამსახურებრივი ბინები ზღვაზე ხედით. მშენებლობა 4 წელიწადს გაგრძელდა.

გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას ლავროვმა აფხაზეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი დიმიტრი ვიშერნიოვი გაიხსენა, რომელიც 2013 წლის შემოდგომაზე მოკლეს. თავდასხმის შედეგად მისი მეუღლეც სასიკვდილოდ დაიჭრა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ დაღუპულების სამახსოვროდ შესაძლებელია ახალ შენობაში მემორიალური დაფის განთავსება.