რედაქტორისგან
ვოლუნტარისტები თუ მექრთამეები? - საქინფორმი

   - Это, как его… волюнтаризм!
- В моём доме не выражаться!
 - А чё я сказал?!
(კინოფილმიდან "კავკასიელი ტყვე ქალი")

მმართველი პარტია "ქართული ოცნების" ყველაზე თავგამოდებულ  მომხრეებსაც კი ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად აწუხებთ ხოლმე ეჭვი, რომ საქართველოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს გაუნათლებელმა ვოლუნტარისტებმა ან ნაღდმა მექრთამეებმა. ამ მეორე ვერსიისკენ უფრო იხრები კაცი, როცა ტელევიზორში ყოველდღე უყურებ სირცხვილნაჭამ ჩინოვნიკებს და სუს-ის თანამშრომლების მიერ კორუფციონერების დაპატიმრებას. დიახ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თანამშრომლები დღეს, იმის ნაცვლად, რომ ჯაშუშები დაიჭირონ, იძულებული არიან, მექრთამეებს სდიონ, რომლებიც ქართული სახელმწიფოსთვის ჯაშუშებზე არანაკლებ საშიში არიან.

ყველაზე ცინცხალი მაგალითი, რომელსაც კორუფციის სუნი ასდის. ჯერაც არ მიჩუმებულა მითქმა-მოთქმა სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენების საეჭვო იდეის ირგვლივ (საეჭვო იმიტომ, რომ დედაქალაქის ცენტრში გამოთავისუფლებული კაპიტალური კეთილმოწყობილი შენობები უცხოელებზე გაიყიდება სასტუმროების, ოფისების, რესტორნების და კაზინოების მოსაწყობად, რაც „ლამაზი თვალების“ გულისთვის არ კეთდება!), რომ საქართველოს საწყალი მოსახლეობა კიდევ ერთხელ "გაახარეს". მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, ორიოდე თვის შემდეგ საქართველოში პოლიეთილენის პაკეტები აიკრძალება და მათ ნაცვლად ხმარებაში შემოვა ქაღალდის და ბიოპაკეტები. აქაოდა, იმიტომ, რომ პოლიეთილენის დაშლას 200 წელი სჭირდება და ის "ჩვენს უნიკალურ ბუნებას აბინძურებს"...

კაცმა რომ თქვას, არც ბიოპაკეტები იშლება მაშინვე, ამას 4 წელი უნდა. ქაღალდის პაკეტები კი ცელულოზისაგან მზადდება, რომელსაც მერქნიდან იღებენ, რაც ჩვენმა მინისტრებმა და პარლამენტარებმა, როგორც ჩანს, არ იციან. ესე იგი, "ჩვენი უნიკალური ბუნების გადასარჩენად" თავად ბუნებას გაანადგურებენ - ქაღალდის პაკეტების დასამზადებლად ხეებს გაჩეხავენ?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღშფოთებულია გზისპირა ხეებსა და ბუჩქებზე, პარკების გაზონებზე მოფენილი ერთჯერადი პოლიეთილენის პაკეტების გამო - ტურისტული სეზონი კარს მოგვადგა, რას იფიქრებენ ქართველებზე ევროპელი ტურისტებიო?! და პოლიეთილენის ბოთლებს რაღა უნდა ვუყოთ, ბატონო კვირიკაშვილო?! იქნებ ავკრძალოთ მათში ჩამოსხმული “ბორჯომის”, კოკა-კოლას, ლუდის და სხვა სასმელების გაყიდვა?! პოლიეთილენის ბოთლები ხომ პაკეტებზე არანაკლები ყრია ყველგან, მათ შორის, მტკვარში...

მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელი არ არის ხეების ან პოლიეთილენის პაკეტების განადგურება, რომლებიც, ჯერ ერთი, ქაღალდის პაკეტებზე ბევრად იაფი ღირს (ეს უკანასკნელი, სულ ცოტა, 10 ცენტი დაჯდება). მეორეც, ქაღალდისა და ცელოფანის პაკეტებისაგან განსხვავებით, პოლიეთილენისა არ სველდება.

ან იქნებ ქაღალდის პაკეტების დამზადება მთავრობა რომელიმე „მადლიერ“ ბიზნესმენს უნდა დაავალოს თავისი გარემოცვიდან, რომელიც ამისთვის „ვალში არ დარჩება?! ასაკოვან თბილისელებს კარგად ახსოვთ, რომ საბჭოთა საქართველოში ყველაზე მდიდრები „ცეხავიკები“ იყვნენ, რომლებმაც პოლიეთილენის პაკეტების წარმოება ააწყვეს....

მაგრამ როგორც ჩანს, ეს ევროკავშირის მოთხოვნაა: ევროპაში სეირნობა თუ გინდათ, ჯერ ევროსტანდარტების დაცვა საკუთარ სახლში ისწავლეთო! აი, როგორ საფასურს ახდევინებენ საქართველოს მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციისათვის...

მაგრამ თუკი ჩვენ “პირველი ევროპელები” ვართ, ევროპა კი “ჩვენი მშობლიური სახლია, სადაც, უბრალოდ, ვბრუნდებით“, მაშინ მოგვეცით ისეთივე ხელფასები და უმუშევრობის დახმარება, როგორიც ევროპასა და ამერიკაშია, ევრომოთხოვნები კი მერე წამოგვიყენეთ! აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილებ უფასო კომფორტული საცხოვრებელი დაურიგეთ, უზრუნველყავით მათი განათლება და ჯანდაცვა, როგორც ამას ევროპაში აკეთებენ სირიიდან დევნილებისათვის! თუ მაძღარს მშივრისა არ გაეგება?!

 

საქინფორმი სთავაზობს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს თავისი ვოლუნტარისტული იდეებით პრეზიდენტ მარგველაშვილის რეიტინგისა და "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის ხელოვნურად გაზრდა. ისინი ისედაც მოიგებენ ნებისმიერ არჩევნებს მას შემდეგ, რაც მთავრობა და პარლამენტი სააკაშვილის მიერ გაუქმებულ ტექდათვალიერებას დააბრუნებენ!

ამასთან ერთად, საქინფორმი პოლიეთილენის პრობლემის მისეულ გადაწყვეტას სთავაზობს. აშშ-ში უკვე დიდი ხანია, მუშაობს შემდეგი ტექნოლოგია - საყოფაცხოვრებო ნარჩენებს საგანგებო მინი ქარხნებში გადაამუშავებენ და ნახმარი ნებისმიერი პოლიეთილენისგან (პაკეტები, ბოთლები, შპრიცები და ა.შ.) ახალ პოლიეთილენს, მათ შორის - კომპაუნდს ამზადებენ. გადამუშავების დროს აგრეთვე გამოიყოფა აირი, რომლითაც ერთ მინი ქარხანას გლდანის მასშტაბის მიკრორაიონის უზრუნველყოფა შეუძლია.

ამ ნოუ-ჰაუს ავტორი გახლავთ ებრაული წარმოშობის თბილისელი მეცნიერი, რომელიც ოჯახთან ერთად 1995 წელს გადავიდა მუდმივად საცხოვრებლად აშშ-ში, ნიუ-იორკში.

საქინფორმს ყველა უცილებელი კონტაქტი აქვს და თუ საქართველოს მთავრობა დაინტერესდება, შეუძლია, მოაწყოს მოლაპარაკება მწარმოებელ ფირმასთან, რომელიც საქართველოს მინი ქარხნისათვის მოწყობილობას მოაწოდებს, დაამონტაჟებს მას და გამართავს ამერიკელი სპეციალისტების დახმარებით.

ზემოთ ხსნებული უტილიზაციის მინი ქარხნები იმდენად იაფი ჯდება, რომ მათი საკუთარი ფულით შეძენა ბევრ ქართველ ჩინოვნიკს შეუძლია, რომელთა ხელფასები და პრემიები აშშ-ის პრეზიდენტისას აღემატება.

საქინფორმი
2017 წლის 19 აპრილი
საქართველო, თბილისი