2017 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულის დღეს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში, პროვინცია ჰომსში ავიაბაზა ეშ-შაირათი დაბომბეს, სადაც, როგორც ირწმუნებოდნენ, სწორედ ის ქიმიური იარაღი ინახებოდა, რომელიც ასადის მთავრობამ პროვინცია იდლიბში, ქალაქ ხან-შეიხუნში გამოიყენა.
რა მოჰყვება პრეზიდენტ ტრამპის ამ ნაბიჯს? ხომ არ გახდება ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყების საბაბი? - „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორთან, პოლიტოლოგ არნო ხიდირბეგიშვილთან საუბარი სწორედ ამ შეკითხვით დავიწყეთ:
- ბაშარ ასადის მიერ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება ისეთივე ბლეფია, როგორიც - სადამ ჰუსეინის მიერ ერაყში 2003 წელს! რაში სჭირდებოდა ლეგიტიმურ პრეზიდენტს ეს პროვოკაცია და 80 გვამი, მათ შორის - ბავშვების, როცა მის უკან რუსეთი დგას და გასულ კვირას ამერიკამაც აღიარა - ასადის გადადგომა ჩვენი ამოცანაა უკვე აღარ არისო?!
- სხვაგვარად როგორ ახსნით იმას, რაც გასულ პარასკევს ჰომსის პროვინციაში მოხდა?
- ეს იყო კარგად დადგმულისპექტაკლი, რომელშიც ორივე მხარემ მოიგო - რუსეთმაც და ამერიკამაც!
- სპექტაკლი?! და რა ზარალი ნახეს აშშ-მა, რუსეთმა და ასადის მთავრობამ აშშ-ის დარტყმის შედეგად?!
- ამერიკამ დაკარგა 60 რაკეტა “ტომაჰავკი”, რაც 89 მილიონი აშშ დოლარი ღირს. გაუშვეს 60, მაგრამ გაფრინდა 59, რადგან ერთი, ალბათ, სტარტის დროს გემბანზე დაეცა ან ზღვაში ჩავარდა. და კიდევ, იზარალა მსოფლიო ბაზრებზე დოლარის კურსის ვარდნის გამო.
ასადის მთავრობამ დაკარგა 1970 წლის წარმოების 15 საბჭოთა გამანადგურებელი МИГ-25 არასაბრძოლო მდგომარეობაში - სარემონტო ანგარებში, შესყიდვის ღირებულებით 75 მილიონი აშშ დოლარი ყველა ერთად. და კიდევ, ავიაბაზის სასწავლო კორპუსი, სასადილო და რადიოსალოკაციო სადგური.
რუსეთმა იზარალა საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-300 ან С-400 “ტრიუმფის” ერთი ზალპის რაკეტების ღირებულება - 1 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლები. სამაგიეროდ, შეუდარებლად მეტი მოიგო, რადგანაც ამერიკის ამ ნაბიჯმა მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდა გამოიწვია.
- სად და როგორ დაკარგა რუსეთმა ეს თავისი რაკეტები? მან ხომ არაფერი მოიმოქმედა ამერიკული „ტომაჰავკების“ გასანადგურებლად?!
- როგორ არა! აშშ-ის მიერ გაშვებული 59 რაკეტა “ტომაჰავკიდან” სირიის ავიაბაზა ეშ-შაირათს მხოლოდ 23-მა მიაღწია, დანარჩენი 36 ერთეული სირიაში განლაგებულმა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ტარტუს ან ელ-ჰმეიმის ბაზებიდან გაანადგურეს საზენიტო-სარაკეტო სისტემა C-300 ან С-400-დან!
სხვათაშორის, ეს უკანასკნელი, 2012 წლამდე გამოშვების, თავისი ტექნიკური მონაცემების მიხედვით ერთდროულად 36 მიზანზე მეტს ვერ ანადგურებს, სირიაში კი С-400-ის მხოლოდ ერთი დივიზიონია განთავსებული და ერთ ზალპზე მეტის გასროლას ვერ მოასწრებდა. აი, სად გაქრა 36 „ტომაჰავკი“ 59-დან!
და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სირიის ავიაბაზა ეშ-შაირათის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი არ დაზიანებულა, რადგან ეს დანარჩენი 23 რაკეტა, მიზნამდე რომ მიაღწია, რუსეთის თანამგზავრიდან იქნა ცოტა დეზორიენტირებული. ამიტომ 2 დღის შემდეგ ავიაბაზა ეშ-შაირათის სამხედრო აეროდრომი საშტატო რეჟიმში ფუნქციონირებისთვის მზადყოფნაში იყო.
მინდა გითხრათ, სამხედრო ბაზა ეშ-შაირათი დიდი არ არის, მისი სრული განადგურებისთვის მიზანში ზუსტი მოხვედრის შემთხვევაში ორი “ტომაჰავკიც” იკმარებდა, მაგრამ აშშ-მა 60 ცალი საგანგებოდ გაუშვა რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო ფარის გასარღვევად, გაითვალისწინა რა, რომ უმრავლესობა, დიდი ალბათობით, რუსების საზენიტი - სარაკეტო სისტემების მიერ იქნებოდა ჩამოგდებული, როგორც მოხდა კიდეც.
- ანუ რუსებმა წინასწარ იცოდნენ ამის შესახებ, ბატონო არნო?
- დიახ, პენტაგონმა 2 საათით ადრე გააფრთხილა. და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის ეს დიდი საჩუქარი იყო - ანუ, პირველი შემთხვევა, როდესაც რუსებს საშუალება მიეცათ, რეალობაში ეხილათ ამერიკის მასიური სარაკეტო დარტყმა!
- „ეს იყო კარგად დადგმული სპექტაკლი, რომელშიც ორივე მხარემ მოიგო - რუსეთმაც და ამერიკამაც“ - განაცხადეთ ჩვენი საუბრის დასაწყისშივე. და მაინც, რაში ხედავთ მათ მოგებას?
- საქმე ისაა, რომ ერაყში ამერიკის ჯარი უკვე მერამდენე თვეა, ისლამურ სახელმწიფოს ვერ ამარცხებს. თუ სირიაში ასადის „ქიმიური შეტევის“ შედეგად 80 მოსახლე „დაიღუპა“, ერაყში, ქალაქ მოსულში ამერიკელების უშედეგო დაბომბვებს მშვიდობიან მოსახლეობაში 300-ზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა! ამერიკელებსაც ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაეღუპათ, რაც აშშ-ში დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ამიტომ სირიაზე დარტყმით ტრამპმა მის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით არსებული პროტესტი - კონგრესშიც და ხალხშიც - განმუხტა და ლამის ნულამდე დავარდნილი რეიტინგი 49%-ზე ასწია, რადგანაც ყველას საკუთარი ძალა უჩვენა!
ასევე ერთ დღეში დასრულდა ინსინუაციები ტრამპისა და პუტინის „მეგობრობაზე“, რომ, ვითომ, პრეზიდენტად ტრამპი კრემლმა მოიყვანა „ფე-ეს-ბე“-ს ჰაკერების დახმარებით, ხოლო სახელმწიფო მდივანი ტილერსონი ხომ საერთოდ - პუტინის ბიზნესპარტნიორია! მიუხედავად იმისა, რომ ამ დაბომბვის შედეგად ამერიკამ მილიონობით ზარალი ნახა, აშშ-ის პრეზიდენტ-მილიარდერს ეს უღირდა ქვეყნის შიგნით პოზიციების გასაძლიერებლად, რადგანაც ამ შავ პიარკამპანიასთან გამკლავება ბევრად უფრო ძვირი დაუჯდებოდა!
- სხვათაშორის, ამ ფაქტმა ბევრს გაახსენა 18 წლის გერმანელი მათიას რუსტი, რომელმაც 1987 წელს საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში შეაღწია და სპორტული თვითმფრინავი “სესნა-172 სკაიჰოკი” პირდაპირ წითელ მოედანზე - ვასილევსკის დაღმართზე დასვა...
- მაშინ დასავლეთმა დემონსტრირება მოახდინა, რომ საბჭოთა კავშირი, თიხის ფეხებზე მდგარი დევია და მისი დამარცხება ადვილად შეიძლება. დღეს სულ სხვა რეალობაა - დღეს ჩვენ პუტინის რუსეთთან გვაქვს საქმე! თუმცა, ერთი მსგავსება უდავოდ არის - რუსტის პატარა თვითმფრინავსაც და ამერიკის უზარმაზარ რაკეტებსაც რუსეთის ფედერაციის ჰაერსაწინააღმდეგო ძალები აკონტროლებდნენ.
სირიაზე პენტაგონის იერიში კიდევ იმიტომ იყო ორივე მხარისათვის სასარგებლო, რომ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა - ვინ ვისი მხარდამჭერი და მოკავშირეა თანამედროვე მსოფლიოში! დაიბომბა თუ არა სირია, თურქეთმა ამერიკის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. არადა, რუსეთმა ცოტა ხნის წინათ აპატია ერდოღანს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის და ვერტფრენის ჩამოგდება, რუსი პილოტების მკვლელობა... ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ კი, პირიქით, დაგმეს აშშ-ის ქმედება, რომელიც, როგორც ყოველთვის, გაეროსთან არ შეთანხმებულა!
გამოჩნდა ისიც, რომ დონალდ ტრამპი, როგორი მოწადინებულიც არ უნდა იყოს, ვერ შეძლებს ამერიკის სტრატეგიული კურსიდან მკვეთრ გადახვევას. უბრალოდ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამერიკელ ხალხს ობამას წამგებიანი და უსუსური ანტირუსული რიტორიკა მობეზრებული ჰქონდა. ამიტომაც ტრამპის წინასაარჩევნო მესიჯები, არც მეტი და არც ნაკლები, სწორი გათვლების შედეგი და პიარკამპანიის ნაწილი იყო!
სხვაგვარად არც იქნებოდა - პუტინისა და ტრამპის რეალური მეგობრობით მსოფლიოს ერთმანეთთან დაპირისპირებული ორპოლუსიანი არქიტექტურა მთლიანად დაინგრეოდა და ამერიკის მამებმა - მილიარდერთა კლუბის წევრებმა -ეს, რა თქმა უნდა, არ დაუშვეს.
დაბოლოს, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის არ აღნიშვნაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საქმე ისაა, რომ დაბომბვიდან მეხუთე დღეს მოსკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ტილერსონის და პუტინის შეხვედრა იყო დაგეგმილი, რომელიც, როგორც ვიცით, 12 აპრილს წარმატებით ჩატარდა. მოლაპარაკების დაწყება საყვედურით, „კოზირით“ ხელში ამერიკული დიპლომატიის ცნობილი სტილია - აი, კიდევ რისთვის სჭირდებოდა ამერიკას სირიაზე იერიში! თუმცა, ამით რუსეთსაც გაუჩნდა „კოზირები“ და საყვედურები, ამ სპექტაკლში ხომ ორივე მხარემ მოიგო!
ფაქტია, რომ მოლაპარაკება ძალიან თბილ, მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა, მოსკოვში მყოფ ტილერსონს რუსეთში ოპოზიციისკენ არც კი გაუხედავს, რაც კიდევ ერთხელ გვანიშნებს, რომ ეს ყველაფერი - მხოლოდ კარგად დადგმული სპექტაკლი ყოფილა!
ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი „ასავალ - დასავალი“ №16 (2017 წლის 14 აპრილი)
საქართველო, თბილისი