აქტუალური
უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად - გიორგი მარგველაშვილი

   საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. რიგით მეოთხე წლიურ ანგარიშში გიორგი მარგველაშვილმა ევროინტეგრაციასა და საქართველოს სტრატეგიულ ამოცანებზე ილაპარაკა.

გასული წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ძალაში შევიდა შენგენის ზონაში უვიზო მოკლევადიანი მიმოსვლის რეჟიმი. მაგრამ ჩვენ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. საქართველოს დეკლარირებული და საბოლოო მიზანი ევროპულ სახელმწიფოთა ისტორიულ ოჯახში დაბრუნებაა.

ამიტომ უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ამისათვის საჭიროა დემოკრატიის გაძლიერება, ინსტიტუტების მდგრადობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა, ეკონომიკის განვითარება. ამავე დროს, არ შეიძლება, დღესვე უმწვავესი რეაქცია არ გვქონდეს ახალი გამყოფი ხაზებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზე, გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზე. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ“, - განაცხადა, კერძოდ, მარგველაშვილმა.