როგორც საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმისთვის სანდო წყაროსგან გახდა ცნობილი, პოლიტიკური პარტიის „მოძრაობა –ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ (სადაც 2010 წლის 21 დეკემბერს პაკლონნაია გორაზე ძეგლის „ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიდექით “გახსნას ესწრებოდა), ვიწრო წრეს რუსეთში გამართული შეხვედრების შინაარსი გაანდო. კერძოდ, როგორც წყარო იტყობინება, ერთმა, რუსეთში საყოველთაოდ პატივცემულმა, უმაღლესი რანგის მოღვაწემ ბურჯანაძესთან შეხვედრისას თითქოს განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის ჯარის შეყვანის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა, ხოლო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე ვ. პუტინი ამ გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობდა, უფრო მეტიც – ამის წინააღმდეგი იყო (საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმისთვის ცნობილია, რომელ მოღვაწეზეა საუბარი, თუმცა, ინფორმაციის უტყუარობის გადამოწმების გარეშე და ასევე ეთიკური მოსაზრებებით, მისი ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებთ).
ძნელი წარმოსადგენია, რომ რფ–ის პრეზიდენტმა, რომელსაც, როგორც ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალსა და სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელს, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება თანამდებობრივად რომ ევალება, ეს რფ–ის მთავრობის თავმჯდომარესთან მოთათბირების გარეშე ან მისი ნების წინააღმდეგ ემოქმედა (მათ შორის არსებული ნებისმიერი პირადი ურთიერთობების მიუხედავად).ზემოთქმულიდან გამომდინარე, იბადება კითხვა: რასთან გვაქვს საქმე? ეს ქართველი საზოგადოებისთვის გაგზავნილი მესიჯია თუ ქალბატონ ბურჯანაძეს, უბრალოდ, „წამოსცდა“? მოდი, ორივე ვარიანტი განვიხილოთ.
ვარიანტი №1. პრემიერმა პუტინმა, ბურჯანაძის მეშვეობით, აცნობა ქართველ საზოგადოებას: „ მე მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი და, როცა კვლავაც რუსეთის პრეზიდენტი ვიქნები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებით. რა თქმა უნდა, თუკი საქართველოში იმ დროისთვის იქნება პრეზიდენტი, რომელთან ლაპარაკსა და საკითხების გადაწყვეტას შევძლებ“. მიაქციეთ ყურადღება – ის, რომ „ინფორმაციის გაჟონვა“ სწორედ „ამპარტავანი“ ბურჯანაძის მეშვეობით მოხდა, დამატებით დატვირთვას ატარებს: „დიახ, ჩვენ მზად ვართ, ველაპარაკოთ ყველას, სააკაშვილის გარდა – მის ყოფილ თანამებრძოლსაც კი „ვარდების რევოლუციაში“, აშკარა „ნატოელსა“ და საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერ ბურჯანაძეს, რომელმაც 2006 წელს თავისი ცინიკური და შეურაცხმყოფელი გამოსვლით კინაღამ ჩაგვიშხამა სახელმწიფო დუმის 100 წლის იუბილე, ახლა კი ამბიციები დაივიწყა და თავად გვეახლა!“
№1 ვარიანტის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პუტინი მესიჯს პირველად არ გვიგზავნის. გაიხსენეთ 2009 წელი, პრიმაკოვის 80 წლის იუბილე და პუტინის მოულოდნელი „სპიჩი“: „საქართველოს გაერთიანების საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. არ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა ჩვენ არ შეგვეძლოს. დაე, იგი (პრიმაკოვი) დაკავდეს ამ საკითხით“, რის შემდეგაც აჟღერდა „თბილისო“ „თვალზე ცრემლმომდგარი“ ნანი ბრეგვაძის შესრულებით, რომელმაც ეს გამაოგნებელი ცნობა საქართველოში ჩამოიტანა.
ნანი ბრეგვაძე, ნინო ბურჯანაძე ... – მნიშვნელობა არ აქვს, ვის მოაქვს პირდაპირი ანდა ირიბი გზავნილები ყოვლისშემძლე პრემიერისგან – მომღერალსა თუ პოლიტიკოსს. მათ პოზიციებს არაერთხელ განუცდია (და უეჭველად კვლავაც განიცდის!) ტრანსფორმაცია, მედვედევისა და პუტინის უცვლელი პოზიციისგან განსხვავებით, რომლებიც 2008 წლის აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობდნენ, ხოლო შემდეგ არაერთხელ განაცხადეს, რომ ძალიან ებრალებათ საქართველო და ქართველი ხალხი და რომ ყველაფერი, ადრე თუ გვიან, თავის კალაპოტს დაუბრუნდება!
ვარიანტი № 2. ინფორმაციის წინასწარგანზრახული გაჟონვა გამორიცხულია და არავის დაუვალებია ბურჯანაძისთვის „ფოსტალიონობა“ – მაღალი ნდობით გულაჩუყებულ, „თვალზე ცრემლმომდგარ“ ნინოს, ეს, უბრალოდ, წამოსცდა... მიზანი რა იყო? – „მომეცით საშუალება, საქართველოს პრეზიდენტი გავხდე და მე დაგიბრუნებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რუსეთის ხელისუფლებას საქმის დაჭერა მხოლოდ ჩემთან სურს!“ – თითქოს ამით ამხნევებს იგი დაქსაქსულსა და დაღონებულ თანამოაზრეებს და მათთან ერთად – მთელ საქართველოს (იმის გათვალისწინებით, რომ თბილისი პატარა ქალაქია, სადაც ჭორაობა უყვარს ყველას – ქალებსაც და კაცებსაც, განსაკუთრებით კი – პოლიტიკოსებს).
№2 ვარიანტი ნაკლებად დამაჯერებელია რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ერთი, შეიძლება ბურჯანაძეზე მრავალგვარი აზრი გქონდეს, მაგრამ სიტყვაუხვობას ვერ უსაყვედურებ, უფრო მეტიც: „ოპოზიციის ლიდერი“ – გაჩეჩილაძე (,,გრეჩიხა’’) სკანდალურად მხოლოდ მას შემდეგ გამოააშკარავა, სანამ ამ უკანასკნელმა თავის მეგობრებთან ერთად „ქართული პარტიიდან“ მისი მისამართით შეურაცხმყოფელი გამოხდომებით არ აიძულა ამის გაკეთება. და ისიც, ბურჯანაძემ გამანადგურებელი კომპრომატის გამოქვეყნება ქართულ ყოველკვირეულ გაზეთ „ასავალ–დასავალში“ მხოლოდ კონკურენტების მრავალჯერადი ტელეგაფრთხილების შემდეგ გადაწყვიტა: „თავი დამანებეთ! ნუ მაიძულებთ, „პირი გავაღო“ და ვთქვა ის, რაც თქვენ შესახებ ვიცი! და დამერწმუნეთ, არცთუ ისე ცოტა ვიცი...“ (თუმცა, როგორც პატიოსანი მოქალაქე და თავისი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული პოლიტიკოსი, ბურჯანაძე არ უნდა დალოდებოდა გრეჩიხას „თავდასხმას“, პირიქით – ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა გამოეაშკარავებინა იგი!).
გუშინ კი, 2011 წლის 19 იანვარს, 22:00 საათზე, ტელეარხ „მაესტროზე“, ეკა ბერიძის თოქ–შოუში „გულახდილი საუბრები“ ნინო ანზორის ასულმა სიმაყით განაცხადა, რომ „ამ წლების განმავლობაში ხელისუფლების ერთგული იყო (!), მაგრამ თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მისი მრავალი განზრახვა დაბლოკა(?!), რის ყველაზე მკაფიო მტკიცებულებას წარმოადგენს ფაქტი, რომ იგი ხელისუფლებაში იყო 2008 წლის 8 ივნისამდე და მხოლოდ მისი წასვლიდან სულ რაღაც 2 თვის შემდეგ (აგვისტოში) ხელისუფლებამ ომი გააჩაღა.
ჰოდა, როგორი „სიტყვაძუნწი“ უნდა იყო, რომ 5 წელიწად–ნახევრის განმავლობაში (2003 წლის ნოემბრიდან – 2008 წლის ივნისამდე) ხელისუფლების ყველა განზრახვის შესახებ იცოდე, გესმოდეს მათი დამღუპველობა სახელმწიფოსთვის, მაგრამ საჯაროდ არც ერთხელ კრინტი არ დაძრა?!
დასასრულ: 2008 წლის 13 თებერვალს, РИА НОВОСТИ-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბურჯანაძემ, რომელიც იმხანად საქართველოს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე იყო, განაცხადა: „არც ისე დიდი ხნის წინათ, როცა მოსკოვის ქუჩაში მივდიოდი, შეგრძნება მქონდა, რომ მტრულად განწყობილ სახელმწიფოში ვიმყოფებოდი!“ . დღეს, როგორც ხედავთ, დრო შეიცვალა – ნინო მოსკოვში თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს და, როგორც ჩანს, იქ ხშირ სტუმრობას აპირებს. ამიტომ იგი, სავარაუდოდ, ასეთ მცდარ ნაბიჯს ნებაყოფლობით არ გადადგამდა – თავის უახლოეს გარემოცვაშიც არაფერი წამოცდებოდა და ამით თავის მოსკოველ მაღალი რანგის მოსაუბრეს, რომელმაც კონფიდენციალური ინფორმაცია გაანდო, დარტყმის ქვეშ არ მოაქცევდა.
საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი
2011 წლის 20 იანვარი, თბილისი