აქტუალური
ლევან იზორია: „საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში მზარდი დინამიკაა“

   საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით უკრაინის მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლა. ევროატლანტიკური ინტეგრაციის დარგში უკრაინის ვიცე-პრემიერთან ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან შეხვედრაზე  განხილვის მთავარი თემა საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივა იყო. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა დადებითად შეაფასა: ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ძალიან კარგი და მზარდი დინამიკაა. ჩვენ დავგეგმეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გეგმები, მათ შორის, საპარლამენტო დონეზეც.

„შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროექტები განვიხილეთ. საქართველომ მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინელი დაჭრილი სამხედროების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესში კვლავ გაგვიწიოს დახმარება. ჩვენ რეგიონსა და ნატოს ეგიდით დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებში მონაწილეობის ინტერესიც გამოვხატეთ. სურვილი გვაქვს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებული ტრანსფორმაციის პროცესთან დაკავშირებით გამოცდილება გავიზიაროთ“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.