აქტუალური
საქინფორმი ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის აშკარა დაახლოებაზე მიუთითებს

   საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიცია ერთსულოვანი არიან გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებისდაგმობაში. საქართველოს ვიცე-პრემიერის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, რუსეთისთვის ეს არის გზავნილი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია პრინციპულია.

ჩვენი აქტიური დიპლომატიური ქმედებების შედეგად, საქართველოს საკითხი, კერძოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არაკანონიერი ქმედებები საოკუპაციო ძალების მხრიდან მუდმივად არის საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე პასიურობს.

რუსეთის თავხედობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოკუპირებული ხაზის გასწვრივ ადამიანების გატაცება, გადასასვლელების დახურვა, რეფერენდუმების ჩატარება, გამოწვეულია იმით, როდესაც საქართველო პასიურობს საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ თუ არის ასეთი დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც ახლა ვხედავთ და რომლის არყოფნას განვლილი წლების განმავლობაში ვხედავთ, ბუნებრივია, რუსეთს მეტი პოლიტიკური ფასის გადახდა უწევს“, - განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქინფორმი საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდგომ დღეებში საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის აშკარა დაახლოებაზე მიუთითებს, რომელიც მოქმედი ხელისუფლების მიერ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებზე საბოლოო ჩაჩოჩების შედეგად მოხდა. ეს გულისხმობს მკვეთრ პროატლანტიკურ საგარეო პოლიტიკურ კურს და რუსეთის ფედერაციის გამუდმებულ კრიტიკას საერთაშორისო არენაზე.

„ევროპამაც კი მოგვცა უვიზო, რუსეთმა კი – არა!“ – ასეთი მესიჯი აქტიურად ვრცელდება მოსახლეობაში და საგულისხმოა, რომ საკმაოდ წარმატებულადაც.  ასეთი პიარისას ნაკლებად ითვალისწინებენ არგუმენტს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ქვეყნებს შორის, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, უპრეცედენტოა