პოლიტიკა
ტრამპმა მერკელს ნატოს მიერ გაწეული სამსახურისათვის 375 მილიარდი დოლარის ანგარიში წარუდგინა

   საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ვაშინგტონში გამართულ დახურულ შეხვედრაზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ნატოს მომსახურებისათვის ანგარიში წარუდგინა, - იუწყება The Sunday Times გერმანიის მთავრობიდან წყაროზე დაყრდნობით.

ამერიკის ლიდერმა ნატოს მიერ გერმანიის დაცვისათვის დაგროვილი ვალი ბერლინს 375 მილიარდ დოლარად შეუფასა.

ერთ-ერთმა გერმანელმა მინისტრმა, რომელმაც დასახელება არ ისურვა, დოკუმენტს “აღმაშფოთებელი” უწოდა.

“ასეთ მოთხოვნებს მეორე მხარის დასაშინებლად აყენებენ, მაგრამ კანცლერმა ეს მშვიდად მიიღო და პროვოკაციაზე პასუხის გაცემას არ აპირებს”, - განაცხადა მან.

ტრამპისა და მერკელის პირველი შეხვედრა თეთრ სახლში 17 მარტს შედგა. მეორე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გფრ-ის კანცლერთან მოლაპარაკებამ მშვენივრად ჩაიარა, თუმცა იქვე შეახსენა, რომ გერმანიას დაცვისათვის ნატოს “უზარმაზარი ვალი” დაუგროვდა.

მანამდე ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის დაფინანსების ვალდებულებებს ბოლომდე არ ასრულებენ და მშპ-ის დადგენილ 2%-ს თავდაცვაზე არ ხარჯავენ.