საზოგადოება
ბათუმში ხანძრის შედეგად 50-მდე ოჯახი დაზარალდა

   საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. 50-მდე ოჯახი დაზარალდა 27 მარტს გამთენიისას ბათუმში, ოძელაშვილის ქუჩის 11 ნომერში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები დაახლოებით ორ საათს ცდილობდნენ. დაშავდა ერთი მეხანძრე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძრის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაახლობით 1600 კვადრატული მეტრის ფართობზე დაიწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო - სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. იქ იმყოფებოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. ზარალს მერია და სპეციალური კომისია დაადგენენ, რის შემდეგაც გადაწყდება დაზარალებულთა დახმარების საკითხი.