პოლიტიკა
შენგენის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სპეციალური პროგრამა ამოქმედდება

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ჩვენ დავაყენებთ სპეციალურ პროგრამას სასაზღვრო-გამსვლელ პუნქტებზე და როდესაც ადამიანი გაემგზავრება ევროპის მიმართულებით, უვიზო მიმოსვლის პროცედურებით გათვალისწინებული სამი თვის გასვლის შემდეგ, ჩაირთვება პროგრამის სპეციალური მექანიზმი და მოხდება იუსტიციისა და შს სამინისტროების ინფორმირება, რომ ესა თუ ის პიროვნება განსაზღვრულ ვადაში არ დაბრუნდა ქვეყანაში. ჩვენ ცირკულარით გავაგზავნით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ამ ინფორმაციას და ჩვენი მხრიდან აქტიურად დავიწყებთ ამ ადამიანის მოძიებას, იმისათვის რომ მოხდეს რეადმისიის პროცედურის დაწყება. ამ ხარჯებს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო შემდგომში თავად დამრღვევ პიროვნებას დაეკისრება ეს ხარჯი“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეული წარმატება, რასაც გაფრთხილება სჭირდება.

ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ ევროკავშირის ქვეყნებთან, რათა საქართველომ მიიღოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა თავშესაფრის მოთხოვნა ძალიან ბანალური მიზეზებით იყოს ნაკლებად შესაძლებელი. იმ სამ თვეში, რა პერიოდიც გვაქვს, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირველი დღიდან, ჩვენ ამ პროცედურების შიდა სისტემურ მომზადებას დავასრულებთ და მინდა, რომ ყველა მოქალაქემ, რომელიც ევროკავშირის მიმართულებით უვიზოდ გაემგზავრება, წინასწარ იცოდეს ეს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ შენგენის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშაბათიდან – 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდება.