რელიგია
კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (12.03.2017)

   სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველაფერს თავისი დრო და ჟამი აქვს. სოლომონ ბრძენი ამბობს: „ჟამი არს ომისა და ჟამი არს მშვიდობისა; ჟამი არს ნგრევისა და ჟამი არს შენებისა“. ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ წმ. გრიგოლ პალამას ხსენებას. დიდი წმინდანია, დიდი მოღვაწეა გრიგოლ პალამა! როდესაც იგი განმარტავს ფერისცვალების ნათელს, აღნიშნავს, რომ უფალმა აჩვენა მოციქულებს ნათელი იმ ზომით, რამდენის დატევნაც მათ შეეძლოთ. მეტი რომ ყოფილიყო, ისინი ვერ აიტანდნენ. დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რამდენი ნათელის ატანა შეგვიძლია ჩვენ, ან რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნათელი ქრისტესი იყოს ჩვენში და ჩვენს გარშემო?

ძალიან სმწუხაროა, რომ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ბნელი ხშირად ჯობნის ნათელს; როცა ბნელი აბნელებს ჩვენს მიდამოს, ჩვენს სულსა და გონებას, ჩვენს სახლს. აი ჩვენ მივიღეთ ცნობა, რომ ღამე მანქანების მტვრევა და ნგერვა ყოფილა აჭარაში, ბათუმში, სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრიც და ძალიან ვწუხვართ, რომ ეს ხდება საქართველოში, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა.

სამწუხაროა ისიც, რომ არეულობა ძალიან ხშირად ეხება ეკლესიასც. უნდა ვეცადოთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ სულში, გულში, გონებაში, ოჯახში და შვილებს ვაჩვენოთ მაგალითი სიმშვიდისა.

მე იმედი მაქვს, რომ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. ეხლა ვთქვათ: „მოწყალებისა კარი განგვიღე…“

ყველას, – მთელს საქართველოს, ეძლევა ლოცვა-კურთხევა, რომ ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს სახლებში, ეზო-კარში და დააკმიოთ საკმეველი, რომ ბოროტმა არ გძლიოთ, არამედ განშორდეს იგი საქართველოს!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა და შეგეწიოთ ლოცვა-კურთხევა გრიგოლ პალამასი.