საზოგადოება
“სიმ ბოქსის”საშუალებით საერთაშორისო სატელეფონო ზარს ადგილობრივად გარდაქმნიდნენ - სამართალდამცველებმა დამნაშავეები დააკავეს

   საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სატელეფონო კომუნიკაციის სფეროში ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტები გამოავლინა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სატელეფონო კომპანიებისათვის საერთაშორისო ზარის ტარიფი ერთ წუთზე მნიშვნელოვნად აღემატება ადგილობრივი ზარისათვის დადგენილ ტარიფს და, ამავე დროს, იბეგრება აქციზის გადასახადით. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ელექტრონული მოწყობილობა „სიმ-ბოქსის“ საშუალებით ახორციელებდნენ საზღვარგარეთიდან შემოსული დიდი ოდენობით საერთაშორისო სატელეფონო ზარების გარდაქმნას ადგილობრივ ზარებად და მომხმარებელზე ამ ფორმით მიწოდებას, ყოველგვარი გადასახადის გადახდის გარეშე. შესაბამისად, დანაშაულებრივი ჯგუფების ამგვარი ქმედება, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებდა ქართულ სატელეფონო კომპანიებს და სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე აფერხებდა ქვეყანაში სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარებას.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ქალაქ ბათუმსა და ქალაქ თბილისში, სხვადასხვა საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია 10 ერთეული ელექტრონული მოწყობილობა „სიმ-ბოქსი“.