აქტუალური
მავთულხლართები რუსეთის სახეა, განაცხადა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა

   საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. მოსკოვის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამხედრო ქვედანაყოფების რუსეთის არმიაში გაერთიანების პროცესის დაწყებას, რის თაობაზეც ვლადიმერ პუტინის განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ეხმაურება.

რუსეთის მთავრობამ მოიწონა და დაამტკიცა სამხრეთ ოსეთის „სამხედრო ძალების“ რუსეთის სამხედრო ძალებთან შეერთების შესახებ შეთანხმების პროექტი. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია. როგორც ოფიციალურ დოკუმენტში წერია, შეთანხმების პროექტი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, სხვა ფედერალურ ორგანოებთან კოორდინაციაში მოამზადა. ასევე, დოკუმენტის თანახმად, ის შეთანხმებულია სამხრეთ ოსეთის მხარესთანაც.შეთანხმების თანახმად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალები რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილი ხდება.

"ყველაფერი ის, რასაც რუსეთი აკეთებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მიმართულია არა მარტო საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, არამედ მთლიანად რეგიონის სამხედრო დესტაბილიზაციისკენ. ნებისმიერი ეს ქმედება არის არალეგალური, საქართველო ამას არასდროს შეეგუება და ის მავთულხლართები, რომელთანაც მე ვიდექი და მავთულხლართს მიღმა ადამიანს ვესაუბრებოდი, არის სახე, რომელსაც დღეს რუსეთი წარმოადგენს", - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.