აქტუალური
ელისო კილაძე მისი შვილის მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობაზე ლაპარაკობს

   საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს - 28 წლის დავით ხარშილაძეს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალი უკვე წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

სამართალდამცველებმა ის 13 მარტს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულია 2 შეკვრა ფხვნილი და აბები, თუმცა დაკავებულის ადვოკატი და დედა ამტკიცებენ, რომ ნარკოტიკი ხარშილაძეს პოლიციამ ჩაუდო.

ელისო კილაძე პოლიციის მხრიდან ძალადობაზე და დაკავების დროს არაერთ კანონდარღვევაზე აკეთებს აქცენტს. მან ჟურნალისტებს ის მანქანაც უჩვენა, რომლითაც დაკავებული გადაადგილდებოდა, თუმცა პოლიციას არ დაულუქავს.

„შსს-ს ამოცანა იყო, მთავარი სამმართველოსი, სადაც ახლა ვიმყოფებით, რომელთა საქმიანობის თაობაზე მე ორი კვირის უკან გამოვაქვეყნე ძალიან მწვავე მასალა, რაც ხდება აქ. ასევე იცით თქვენ ჩემი დაპირისპირება სუს-ის უფროსის მოადგილესთან იოსებ გოგაშვილთან. თუ გარიგება ეხება იმას, რომ მე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა შევწყვიტო ან რაიმე ტიპის ზემოქმედება ჩემზე მოახდინონ, ჩემი პასუხი იქნება - არა", - აცხადებს ელისო კილაძე.