აქტუალური
პრემიერი კვირიკაშვილი იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანჯელინო ალფანოს შეხვდა

   საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. საქართველო–იტალიის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის თარიღის მნიშვნელობასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა ანჯელინო ალფანომ რომში გამართულ შეხვედრაზე.

მხარეებმა ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი მნიშვნელოვნად გაზრდის იტალიელი ბიზნესმენების დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნეს, რომ საქართველოსთვის შენგენის წევრ ქვეყნებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება მნიშვნელოვნად გააღრმავებს კულტურულ კავშირებს, ტურისტულ და ბიზნესურთიერთობებს.