საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი.
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
დღეს არის დიდი დღესასწაული – „ზეიმი მართმადიდებლობისა“. უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობა არის უდიდესი საუნჯე, რომელიც გვაჩუქა ღმერთმა, უდიდესი მადლი, რომელიც მოგვცა ჩვენ მაცხოვარმა.
მადლი, – ეს არის განუყოფელი ეკლესიის სარწმუნოება და ტრადიცია. 100 წლის მანძილზე გრძელდებოდა ბრძოლა ხატების წინააღმდეგ, 100 წლის შემდეგ მეშვიდე მსოფლიო კრებამ და მოგვიანებით კონსტანეპოლის კრება განაწესა, რომ ხატის თაყვანისცემა არ არის კერპთაყვანისმცემლობა, არამედ იგი არის მადლის გამტარი.
ჩვენ, ქართველები, ბედნიერნი ვართ, რომ პირველებმა ჩვენ მივიღეთ ხელთუქმნელი ხატები, ჩვენ ჩაგვაბარა, ჩვენ დაგვაჯილდოვა ხატებით უფალმა. თქვენ გახსოვთ ანჩისხატის ისტორია, გახსოვთ ისიც, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას წილად ერგო საქართველო, მას გამოეცხადა მაცხოვარი და უთხრა: ხატი გაუგზავნე მათ და ეს ხატი იქნება მფარველი საქართველოსი, რადგან მოახლოებულიაო შენი გარდაცვალება. და ღვთისმშობელმა დედამ დაიდო სახეზე ფიცარი და გამოისახა სახე ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა მაცხოვართან ერთად. ეს აწყურის ღვთისმშობლია.
დიახ, ხატი არის კარიბჭე სასუფეველისა. ხატის საშუალებით ჩვენ ვუახლოვდებით და ვხედავთ მის პირველსახეს.
ვმადლობთ უფალს, რომ ღმერთმა გვაჩუქა სხვა მრავალი სასწაულმოქმედი ხატი. ხატებთან ბრძოლა შეეხო ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატსაც, რომელიც ბრძანდება ათონის მთაზე: ჯარისკაცები მივიდნენ სახლში ქვრივ ქალთან, სადაც ეს ხატი იმყოფებოდა და ერთმა ჯარისკაცმა ლახვარი დაარყა სახეზე და მას გადმოუვიდა სისხლი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ინება და წაიღეს ეს ხატი და შეუშვეს ზღვაში და შემდეგ იგი აღმოჩნდა ათონზე, ქართველების, – ივერთა მონასტრის მახლობლად და დღემდე იქ იმყოფება. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ დადგება ის ბედნიერი დღე, როცა ხატი ჩამობრძანდება საქართველოში.
დღეს არის მართლმადიდებლობის ზეიმი და ამასთან ერთად მწუხარებაც არ გვაკლია ჩვენ. წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველმა ასე თქვა: „და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა“. წარმოდიგინეთ, დავით მეფე ამბობს ამას! ეს თქვა მან იმიტომ, რომ მრავალი გულისტკივილი შეხვდა. ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელი იყო ის, რომ მას უღალატა საკუთარმა შვილმა.
მაგრამ მწუხარება სიხარულად გარდაიქცევა. მწუხარება შეიცვლება სიხარულით. და შევთხოვთ უფალს, რომ ინებოს და ჩვენი მწუხარებაც სიხარულით შესცვალოს.
ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს დიდი წყალობისათვის და, საერთოდ, ყველაფრისათვის.
საყურადღებოა ეს დღესასწაული იმითაც, რომ მსოფლიო საპატრიარქომ ამ დღეს სცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და გადმოგვაცა ჩვენ ავტოკეფალიის და პატრაირქის სიგელი.
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის.
ეხლა სამჯერ ვთქვათ „მოწყალებისა კარი განგვიღე“…
ღმერთმა მწუხარება სიხარულად გარდასცვალოს, ამინ!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამა ზეციერმა.
ჩვენთან არს ღმერთი!