საზოგადოება
გაგზავნის თუ არა იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგში საქინფორმის განცხადებებს? ორმაგი სტანდარტები: და სად იყავით თქვენ 2007 წლის 10 აგვისტოს ღამეს?!

   საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი.რუსთავი 2-ის ადვოკატებმა გუშინ სტრასბურგში აღსრულების შეჩერების მექანიზმის გასახანგრძლივებლად საჭირო დამატებით დოკუმენტაციას გადაგზავნიან. დოკუმენტებს შორის არის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, საქართველოს პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის განცხადებები. სტრასბურგში გაიგზავნება, აგრეთვე, ტელეკომპანიის იურისტების არგუმენტირებული პოზიცია - თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

ზემოთქმულთან დაკავშირებით საქინფორმს სამი მთავარი შეკითხვა აქვს:

პირველი - ლოგიკურია, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის იურისტებმა სტრასბურგში მხოლოდ ზემოჩამოთვლილი განცხადებებ გაგზავნეს თავისი პოზიციის დასაცავად.

სტრასბურგში საქმის მოპასუხე - საქართველო იუსტიციის სამინისტროს სახით - თუ გაგზავნის კონტრარგუმენტებს - ანუ “რუსთავი 2”-ის დღევანდელი მენეჯმენტის პოზიციის საწინააღმდეგო განცხადებებს, მათ შორის - ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” საიტზე გამოქვეყნებულს?

თუ ჩვენ მორიგ ჯერზეც ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე?

მეორე - “რუსთავი 2”-ს იცავენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, სტრასბურგის სასამართლო, ევროკავშირი, საქართველოს პრეზიდენტი, ყველა ოპოზიციური პარტია და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები, აგრეთვე მთელი “სამოქალაქო სექტორი” - სოროსის ფონდი და დასავლურ გრანტებზე შექმნილი სხვა არასამთავრობოები, იმიტომ რომ “ის არის მკვეთრად პროდასავლური მედია - მთავარი ინსტრუმენტი საქართველოში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაში” (ზოგადი ციტატა მათი ტელეგანცხადებებიდან).

ესე იგი, საქართველოში მთელი დანარჩენი მედია ზემოთ ჩამოთვლილი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გავლენიანი უცხოური ორგანიზაციების მხრიდან დაცვას არ ექვემდებარება? ისევ - ორმაგი სტანდარტები?

მესამე - სად იყვნენ ზემოთ ჩამოთვლილი სამთავრობო და არასამთავრობო და გავლენიანი უცხოური ორგანიზაციები, აგრეთვე „კრიტიკული“ ტელეკომპანია “რუსთავი 2” “საქინფორმის” რედაქციაზე და მის მთავარ რედაქტორზე თავდასხმების, გაზეთ “საქართველო და მსოფლიოს” რედაქციის გაძარცვის, თბილისის ცენტრში გამომცემლობა “სამშობლოს” შტურმის დროს, როცა გაზეთ “ასავალ-დასავალის” და კიდევ 80 ცნობილი გაზეთისა და ჟურნალის რედაქციები მთელი ქონებითა და ტექნიკით კოსტავას ქუჩაში გამოყარეს?!

აი ისინი, თქვენი ევროპული ორმაგი სტანდარტები!

ფოტოზე: „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი – „ასავალ–დასავალის“ მთავარი რედაქტორის იმჟამინდელი პირველი მოადგილე და „ასავალ–დასავალის“ ჟურნალისტები კოსტავას ქ. №14 მდებარე „სამშობლოს“ შენობის წინ, 2007 წლის 10 აგვისტოს. რედაქციის კომპიუტერები და სხვა ქონება ტროტუარზე დაფარულია აშშ–ის დროშით, რომელიც ვაშინგტონიდან აღწერილ მოვლენებამდე ორი თვით ადრე იქნა გამოგზავნილი და რომელიც აშშ–ის კონგრესის თავზე 2 საათით იყო აღმართული პოპულარული ქართული ყოველკვირეული „ასავალ–დასავალის“ საპატივცემულოდ.