პოლიტიკა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 75-ე შეხვედრა გაიმართა

   საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ყველა ის მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე წლის 3 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით დაფიქსირდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხს. მკაფიოდ იქნა გაცხადებული, რომ აუცილებელია გიუნაშვილის უმოკლეს ვადაში უპირობო გათავისუფლება. შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს კვირებში გიორგი გიუნაშვილს ოჯახის წევრები მოინახულებენ.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების მეშვეობით ადგილობრივი მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებს და მიმდინარე წლის 23 თებერვალს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ამირან გუგუტიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საკითხს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 4 აპრილს გაიმართება.