აქტუალური
ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი JTEC-ში

   საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ნატოს სამხედრო კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობით გაგრძელდა. JTEC-ში ნატოს სამხედრო კომიტეტის დელეგაციას გენერალ პეტრ პაველის ხელმძღვანელობით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პროექტების ხელმძღვანელებმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ და ვიცე-პოლკოვნიკმა მარიუს ნილსენმა ალიანსის სამხედრო კომიტეტს ცენტრის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

JTEC-ში ვიზიტის ბოლოს ნატოს დელეგაცია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისთვის ავღანეთში გადასროლის წინა სწავლების საჩვენებელ წვრთნას დაესწრო. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ასეულმა „ბრავომ“ მოტორიზებული პატრულირება განახორციელა.