აქტუალური
„ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი საქართველოში ნათელი დადასტურებაა, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა“ - ლევან იზორია

   საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა.

ლევან იზორიამ და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა მედიის წარმომადგენლებთან განცხადებები თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.

მინისტრმა ნატოს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი ისტორიულ ფაქტად შეაფასა. ექვსი თვის წინ ვმასპინძლობდით ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს - უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს. 2016 წლის ნოემბრის თვეში გვქონდა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნა. სულ ახლახანს, ორი კვირის წინ, ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. დღეს კი ვმასპინძლობთ ნატოს უმაღლეს სამხედრო ორგანოს - სამხედრო კომიტეტს. მომავალში, აპრილის დასაწყისში გვექნება ნატოს კვირეული, მაისის თვეში კი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია გაიმართება. ასე რომ, ეს თანამშრომლობა, ეს ურთიერთობა უპრეცედენტო დინამიკურობითაა გამორჩეული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ნატოს მტკიცე მხარდაჭერის პოლიტიკას საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე.