სამართალი
შსს-მ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარუდგინა

   საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი.  შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციის რეფორმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გახსნა.

ღონისძიებას საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შსს-ს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს: პოლიციის რეფორმის 2017-2021 წლების განახლებული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა; შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები; შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები; შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და დანაშაულის პრევენციის მიზნით განხორციელებული სოციალური კამპანიები.

სისხლის სამართლის რეფორმა საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართულია ყველა სამართალდამცავი სტრუქტურა, ასევე, სახალხო დამცველის აპარატი და  საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.