რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: "თუ რუსეთი დღეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან წავა, ომი დაიწყება"

   ფილოსოფიაში არის ასეთი ცნება - "მიზეზშედეგობრივი კავშირი". მაგალითად, სურდო  შედეგია მიზეზის - გრიპის, ამიტომ სურდოს შესაჩერებლად ცხვირს ტამპონებით კი არ იცობენ, არამედ გრიპს მკურნალობენ, ანუ დაავადების მიზეზს ებრძვიან და არა შედეგს.

საქართველოს ხელისუფლებისათვის ასე შემაწუხებელი რუსეთის სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში და ამ უკანასკნელთა დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ მხოლოდ და მხოლოდ "სურდოა" - შედეგი "დაავადებისა", რომლის მიზეზი სსრკ-ის დაშლის შემდეგ მწიფდებოდა და რომელსაც "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები" ჰქვია.

დავუშვათ, რომ რუსეთი ხვალვე გაიწვევს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და იქიდან თავის ბაზებს გაიყვანს. მერე რა?! რა შეიცვლება იმით - აღიარებს თუ არ აღიარებს რუსეთი მათ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად?

აფხაზები და ოსები თავიანთ "ძმებს" - ქართველებს შეურიგდებიან? არა.

მოისურვებენ ცხოვრებას ქართველებთან ერთ სახელმწიფოში, რომელიც "უალტერნატივოდ" ისწრაფვის ნატოსკენ? არა.

ცენტრალური ხელისუფლება სამხედრო ძალით დაიმორჩილებს ამ ორ პატარა ხალხს, როგორც ადრე უკვე სცადა? არა.

საქართველო სთხოვს "აგრესორ და ოკუპანტ" რუსეთს, აფხაზები და ოსები ქართველებთან თანაცხოვრებაზე დაიყოლიოს? არა.

მაშ რატომ "ვიცობთ ცხვირს" იმის მაგივრად, რომ თავად "ავადმყოფობა" განვკურნოთ - შევეცადოთ, დავარეგულიროთ "გაყინული" ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები?! არ სჯობია, ვისარგებლოთ იმით, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ იმყოფება რუსეთი, რომელსაც არბიტრის როლის შესრულება შეუძლია ქართულ-აფხაზურ-ოსურ დიალოგში, რისკენაც მოსკოვი უკვე დიდი ხანია, საქართველოს მოუწოდებს?!

თუ რუსი სამხედროები დღეს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან წავლენ, იქ აუცილებლად დაიწყება სისხლიანი შინამტრობა და ისევ გაჩაღდება ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შეიარაღებული კონფლიქტები! აი, თუ ქართველები აფხაზებთან და ოსებთან მოილაპარაკებენ და ერთად სთხოვენ რუსეთს, წავიდეს, მაშინ და მხოლოდ მაშინ ის სიხარულით წავა, რაც უდიდესი სიკეთე იქნება რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.

ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, როდის უნდა დაიწყოს დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან?

გუშინწინ, თუმცა დღესაც ჯერ ძალიან გვიან არ არის, სანამ ენგურის ხიდზე ბოლო საკონტროლო - გამშვები პუნქტიც არ დაუკეტავთ.

აქვს თუ არა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამისათვის აუცილებელი რესურსი - პოლიტიკური ნება და ავტორიტეტული მომლაპარაკებლები?

ხელისუფლებას - არა, ქართველებს - კი. მაგრამ ხელისუფლება მათ საქმეში არ აბამს, რათა შემთხვევით მართლაც არ შეარიგონ ქართველები აფხაზებთან და ოსებთან.

რატომ?! რატომ არ იწყებენ თბილისში, უკვე მერამდენე წელია, დიალოგს სოხუმთან და ცხინვალთან და მხოლოდ თუთიყუშებივით იმეორებენ, რომ "აგრესორმა რუსეთმა" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება უნდა გაიწვიოს და "იქიდან საოკუპაციო ჯარი გაიყვანოს"? ნუთუ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელები მიზეზშედეგობრივ კავშირებში ვერ ერკვევიან?!

ერკვევიან, მაგრამ დიალოგს შეგნებულად არ იწყებენ, იმიტომ, რომ მათ აუკრძალეს საქართველოს გაერთიანება - სუვერენული, ტერიტორიულად გამთლიანებული საქართველო ხომ ნატოს გარეშეც ბედნიერი იქნება!

ვინ აუკრძალა?!

მათ, ვინც საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრებს ხსნის, ვინც საქართველოში ნატოს წვრთნებს ატარებს, ვისაც საქართველოში ნატოს ბაზების გახსნა სურს, ვისაც საქართველოში ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებათა განთავსება სურს, ვისაც საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად, ნატოს კონტინგენტის შემოყვანა უნდა, ვისაც “შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისათვის” საქართველოს საზღვაო პორტების გამოყენება უნდა და ამით საქართველოს რუსეთის ფედერაციის პოტენციურ სამიზნედ გადააქცევს.

რა ჰქვიათ ამ არამზადებს?!

გუშინ ეს იყვნენ პრეზიდენტი ობამა და აშშ-ის სახმდივანი ხილარი, არამზადა მიშა და ელჩი კელი. დღეს კი მათი სახელია - არავინ... ისეთივე არავინ, როგორიც ნატო აშშ-ის გარეშე, სააკაშვილი "რუსთავი 2-ის გარეშე, უბრალოდ კელი - ელჩობის გარეშე და ბებერი არამზადა კონგრესმენი, რომელსაც თითქმის ბიბლიური სახელი МсCAIN ჰქვია.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 6 მარტი
საქართველო, თბილისი