აქტუალური
„პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხზე წინასაარჩევნო დაპირებით ვართ შეზღუდული“ – ირაკლი კობახიძე

   საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ილაპარაკა.

„არჩევნების წინ მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერდა გარკვეული დაპირებები მოსახლეობის მიმართ და ეს დაპირებები უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ცვლილებების განხორციელებისას. აქ ორი ვარიანტია: ერთი, რომ დარჩეს ის ჩანაწერი, რაც დღეს არის კონსტიტუციაში, ან მეორე, რომ ამოვიღოთ ჩანაწერი და დარჩეს ამ ეტაპზე რეგლამენტში. ეს დაპირება იყო დროებითი ხასიათის, გარკვეულ გარემოებებთან იყო დაკავშირებული, კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ქუთაისი შეიძენს სხვა ფუნქციურ დატვირთვას, გადმოვა პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში. მინიშნება კეთდებოდა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ დაპირებით ვართ გარკვეული ფორმით შეზღუდული და ეს დაპირება შეიძლება ორი სხვადასხვა სახით აისახოს კონსტიტუციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.