პოლიტიკა
დაკავებული დეკანოზი გარკვეულ კითხვებზე პასუხის გასაცემად უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს

   საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. 27 თებერვალს ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზი გიორგი მამალაძ გამოძიების კითხვებს 8 საათის განმავლობაში პასუხობდა.

ადვოკატების თქმით, დეკანოზმა სამართალდამცველებს ამომწურავი პასუხები გასცა როგორც ციანიდის საქმეზე, ასევე იარაღთან დაკავშირებით.

"დაკითხვის დროს მამა გიორგიმ ბრძანა, რომ იქ გამოძიების მხრიდან გარკვეული შეკითხვები იყო, რომლებზეც ამ ეტაპზე შეიკავა თავი ერთი მიზეზის გამო - რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების მიზნით მისი ოჯახის წევრები, რაზეც პროკურატურისთვის ცნობილია“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დაკითხვის შემდეგ კომენტარი გააკეთა ბრალდების მხარემაც.

"კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩნდა, როდესაც ეს ინფორმაცია მოვისმინეთ. ბუნებრივია, დაისმება ეს შეკითხვები და ბრალდებულსაც მოუწევს, ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი", - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

საპატრიარქოდან დაკითხვაზე სამართალდამცველებს კვლავ არავინ დაუბარებიათ. საპატრიარქოს იურისტი ვარაუდობს, რომ შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის სრულად დაკითხვის შემდეგ დაიბარებენ.