პოლიტიკა
“რუსეთი ადრე თუ გვიან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკან გაიწვევს” - რას ხედავს, რას გრძნობს და რა ესმის სპეცწარმომადგენელ აბაშიძეს

   საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთი ადრე თუ გვიან საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარებას უკან გაიწვევს. ეს აზრი ზურაბ აბაშიძემ თბილისის ტელეკომპანია Starvision-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსულენოვანი გადაცემა “სასაზღვრო ZONA”-ს ფარგლებში გამოთქვა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის პერსპექტივის შესახებ შეკითხვაზე აბაშიძემ უპასუხა: “ახლა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა არ შეგვიძლია და ეს დღის წესრიგში არანაირად არ დგას, სანამ არ გვაქვს არავითარი პროგრესი ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში...

მესმის რუსული მხარის ინტერესები... რა თქმა უნდა, ისინი დაინტერესებული არიან, საქართველო შეეგუოს ამ სიტუაციას, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან. ჩვენ კი ვეუბნებით მათ, რომ ამას არასოდეს შევეგუებით! აი, ახლაც მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენ ამას არასოდეს შევეგუებით! და მათ ეს უნდა იცოდნენ, რადგან ამასთან შეგუება შეუძლებელია”.

აბაშიძემ მიუთითა, რომ “რუსეთის მიერ აღიარებული სახელმწიფო წარმონაქმნები 95%-ით დამოკიდებული არიან რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტზე, იქ რუსული ჯარები დგანან, რომლებიც გამუდმებით ატარებენ სწავლებებს, მათ შორის, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, და ამით რუსეთი არ ასრულებს 2008 წელს ნაკისრ ვალდებულებებს - მიმდინარეობს ამ რეგიონების მილიტარიზაცია, იქ ადამიანებს იტაცებენ და ქართული მოსახლეობის უფლებები ირღვევა”. ამასთან, აბაშიძემ დადებითად უპასუხა შეკითხვას “მიაჩნია თუ არა ქართულ მხარეს შესაძლებლად რფ-ის მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან გაწვევა?”.

“მე ვთვლი, რომ ეს შესაძლებელია და, ბოლოს და ბოლოს, ასეც იქნება. არ ვიცი, ეს წელს მოხდება თუ ხუთი წლის შემდეგ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მოხდება. იმიტომ, რომ ეს მთელი მსოფლიოსთვის იმდენად არაბუნებრივი სიტუაციაა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მასთან შეგუებას არ აპირებს. გარკვეულწილად, ეს რეგიონებიც კონიუნქტურის მსხვერპლი აღმოჩნდნენ, რომელიც 2008 წელს წარმოიშვა. ეს აუცილებლად შეიცვლება. ვფიქრობ, რუსეთში ახლა ბევრი აცნობიერებს, რომ მაშინ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის შესახებ მცდარი იყო. მე ამას ვხედავ, მე ამას ვგრძნობ და მე ეს მესმის!”, - განაცხადა აბაშიძემ.