უცხოეთი
ენგურჰესის ხელმძღვანელი: სადერივაციო გვირაბის რემონტი ერთი წლის შემდეგ დაიწყება

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. „ენგურჰესზე“ სარევიზიო სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ჰესის თაღოვანი კაშხლის ჰიდროელექტროსადგური გეგმიურად 18 თებერვალს გაითიშა, შესაძლებელი გახდა კაშხლის დერივაციული გვირაბის რევიზია. 15 კილომეტრნახევარიანი გვირაბის წყლისგან დაცლას სამი დღე დასჭირდა და სპეციალისტებმა ამის შემდეგ შეძლეს შესვლა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ამდენივე დღე დასჭირდება გვირაბის ისევ წყლით გავსებას. ჰესის ჩართვა 3-4 მარტისთვის არის დაგეგმილი. რევიზიის შედეგად უნდა დადგინდეს, რა სახის სარემონტო სამუშაოები იქნება ჩასატარებელი 2018 -2019 და მომდევნო წლებში.

„ენგურჰესის“ გათიშვა ქვეყნის ელექტროენერგიის მომარაგებაზე უარყოფითად არ ასახულა. როგორც ჰესის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საქართველოს ელექტროსისტემას აქვს საკმარისი რესურსი ქვეყნის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, საჭიროების შემთხვევაში კი დამატებითი წყაროს მოწოდება შესაძლებელია მეზობელი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. განსხვავებული ვითარებაა ამ მხრივ ოკუპირებულ აფხაზეთში, რომელსაც ელექტროენერგიით სრულად „ენგურჰესი“ ამარაგებდა. წინასწარი მოლაპარაკების შედეგად, ამ ეტაპზე რეგიონს ელექტროენერგიას ერთდროულად აწვდიან რუსეთისა და საქართველოს („ვარდნილჰესი“) ენერგოსისტემები.

შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიას გათვლებით, მარტიდან კვლავ შესაძლებელი იქნება რეგიონის სრულად მომარაგება. ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია აფხაზეთმა საგრძნობლად შეამციროს ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება, რადგან სხვა შემთხვევაში მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება, სურვილის მიუხედავად, ვერ მოხერხდება.

„ქსელი აბსოლუტურად მოუწესრიგებელია აფხაზეთის მხრიდან - პირველ რიგში აღრიცხვის მოწყობა და შემდეგ თანხის ამოღების ქსელი. შესაბამისად, თუ მათ არ მიიღეს გადამჭრელი ზომები და 2017 წლის განმავლობაში არ შეამცირეს ელექტროენერგიის მოხმარება, ოთხთვიანი გაჩერების დროს აღმოჩნდებიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, - ამბობს ლევან მებონია და შენიშნავს, რომ ოთხი თვით გაჩერებას 2018 ან 2019 წელს გეგმავენ, როცა სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყება. სპეციალისტების შეფასებით, სამუშაოები 34 მილიონი ევროს ღირებულებისაა და ეტაპობრივად შესრულდება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ორი გაჩერება დაგვჭირდება გვირაბის სრულ წესრიგში მოსაყვანად - ერთი იქნება სავარაუდოდ 2018 წელში, თუ ყველაფერი კარგად მოესწრო, ან 2019-ში, და მეორე გაჩერება რამდენიმე წლის შემდეგ, გამომდინარე რემონტის შედეგებიდან“, - გვითხრა ლევან მებონიამ.