აქტუალური
32-ე ბატალიონის ქვედანაყოფი ქარაბაღის რაიონში შეხვედრებს აგრძელებს

   საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ ქაბულის პროვინციაში, ქარაბაღის რაიონის გამგებელ აბდულ სენი შარიფთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებაზე და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა. გამგეობაში შეხვედრის შემდეგ ქართველი მშვიდობისმყოფელები შურაზე (თათბირი) ადგილობრივ მოსახლეობას და მალიკებს (ადგილობრივი უხუცესები) შეხვდნენ. მხარეებმა ქარაბაღის რაიონში არსებულ პრობლემებზე, განსახორციელებელ პროექტებზე და გამოწვევებზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ მალიკებს აქტიური მხარდაჭერა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა. ადგილობრივი მოსახლეობის სახელით, შურას ხელმძღვანელმა შერ შოჰ ორიახილმა  ქართულ მხარეს საჩუქრად ავღანური ტრადიციული სამოსელი გადასცა.

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში 32-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ქარაბაღის რაიონს ეწვია.