პუბლიკაციები
პრემიერ–მინისტრების ერთობლივი განცხადებები

    საქართველო-სომხეთის ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურის სფეროებში - ეს ის თემებია, რომლებიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილეს.

გიორგი კვირიკაშვილმა და კარენ კარაპეტიანმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ პრემიერ-მინისტრების ძალისხმევით, საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

გამოვხატეთ მზადყოფნა, გავაგრძელოთ რეგულარული შეხვედრები მაღალ დონეზე და ასევე ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის დარგობრივ უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. საქართველოსათვის სომხეთი წარმოადგენს სახელმწიფოს, რომელთანაც გვაკავშირებს კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და მყარი ხალხთაშორისი კავშირები. 2017 წელი გამორჩეულია ორ ქვეყანას შორის თანამედროვე ურთიერთობების ისტორიაში - წელს აღინიშნება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-წლისთავი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით გაგვემყარებინა ჩვენს ხალხებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და გვეშენებინა ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. მიმდინარე წლის 2 აპრილს, სომხეთში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნები. დარწმუნებულნი ვართ, რომ არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარდება, საერთაშორისო სტანდარტებთან და დემოკრატიულ ფასეულობებთან სრულ შესაბამისობაში და იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ქვეყნის განვითარებისკენ. შეხვედრაზე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მიმოვიხილეთ, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა, ასევე თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

ბატონ პრემიერ-მინისტრს ჰქონდა საინტერესო შემოთავაზებები ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში ერთიანი ბაზრის პოტენციალის ათვისებისა და კოოპერაციის შესახებ. ჩვენი მხრიდან გამოვხატეთ სრული მზადყოფნა ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ და წავახალისოთ კერძო სექტორის წარმომადგენელი ორივე ქვეყნიდან, რათა მათ სრულად გამოიყენონ რეგიონალური კოოპერაციის პოტენციალი," - აღნიშნა პრემიერმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში მოწვევისთვის და გულთბილი დახვედრისთვის. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ამ ურთიერთობების გაღრმავებას.

ვისაუბრეთ რეგიონალური თანამშრომლობის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით გვაქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სომხეთი განიხილონ, როგორც ქვეყანა, სადაც შეიძლება ინვესტიციის განხორციელება, ტურისტად ჩასვლა. ჩვენს კოლეგებს აქვთ შემოთავაზება ბიზნესმენებისთვის, რათა მოეწყოს შეხვედრა და განვიხილოთ, როგორც საქართველოს, ისე სომხეთის ბაზრის შესაძლებლობები," - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილი სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, რაც მისი შეფასებით, კიდევ უფრო განამტკიცებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს.