აქტუალური
მედიის თავისუფლების გარეშე მოქმედი დემოკრატია არ გექნებათ - უილიამ ლაჰიუ

   საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ნატო დააკვირდება საქართველოში პოლიტიკურ ვითარებას და დემოკრატიული პროცესების განვითარებას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს განცხადებით, ის აქტიურად ადევნებს თვალს “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს.

“დემოკრატია უპირველესი საკითხია. საქართველოს სურს, ნატოს წევრი გახდეს, ამიტომ ალიანსის წევრები საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან. ჩვენ გვყავს წარმომადგენლები, რომლებიც თვალს ადევნებენ პოლიტიკურ ვითარებას და დემოკრატიას, აგრეთვე მდგომარეობას ადამიანის უფლებების დაცვის და მედიის თავისუფლების მხრივ. ასე რომ, ბუნებრივია, ჩვენ მჭიდროდ ვადევნებთ თვალს სიტუაციას “რუსთავი 2”-ის ირგვლივ. რა თქმა უნდა, ეს სამართლებრივი საკითხია, საქართველო კი დამოუკიდებელი ქვეყანაა და ნატო მის სამართლებრივ საკითხებში არ ერევა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მედიის როლი დემოკრატიულ ქვეყანაში გადამწყვეტია. მედიის თავისუფლების გარეშე მოქმედი დემოკრატია არ გექნებათ. ჩვენ “რუსთავი 2”-ის საქმეს სწორედ ამ კუთხით ვუყურებთ”, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.