აქტუალური
2-3 მარტს საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი ესტუმრება

   საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს. მათ  საქართველოში გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია უმასპინძლებს.   

ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოდის. მაღალი დონის ვიზიტი ალიანსის მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე ნატო-საქართველოს ინტენსიური და წარმატებული თანამშრომლობის და მუდმივი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო პირები ადგილზე, უშუალოდ გაეცნობიან ნატო-საქართველოს შორის არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ურთიერთობას.     

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას და გენერალური შტაბის უფროსს, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას პირისპირ შეხვდება. სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს მონაწილეობით ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება. დაგეგმილია ალიანსის სამხედრო კომიტეტის სტუმრობა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), სადაც ქართული ქვედანაყოფის ავღანეთში გადასროლისწინა საჩვენებელი წვრთნა გაიმართება.