აქტუალური
მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანაზე გამოძიება შეწყდა - ადვოკატი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს

   საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ვანო მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა, ყველა დოკუმენტს კი, რომელიც ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის გამოძიების შეწყვეტის საფუძველი გახდა, მთავარი პროკურატურა სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნის. ქართული მხარე მას 8 მარტს დანიშნულ სხდომაზე ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად გამოიყენებს. სწორედ ამ გამოძიების მასალებით შეეცდება ხელისუფლება იმის დამტკიცებას, რომ ყოფილი პრემიერის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართ უფლებები არ დარღვეულა.

პროკურატურის განცხადებით, საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის დადგენამდე, თავიდან შეისწავლეს ამ საქმეზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების მასალები. პროკურატურის განცხადებით, არანაირი საეჭვო ჩანაწერი არ აღმოჩნდა არც სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულების აღრიცხვის ჟურნალში.

პროკურატურის ჩატარებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი. 

რამდენად სარწმუნო იქნება პროკურატურის მტკიცებულებები ევროპული სასამართლოსთვის, 8 მარტს გაირკვევა. სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში სექციის გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა.

ხელისუფლება არ ეთანხმება სასამართლოს იმ ჩანაწერს, რომლითაც ევროპელმა მოსამართლეებმა ვანო მერაბიშვილის მიმართ მე-18 მუხლის, მეხუთე მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში დარღვევა დაადგინეს, ანუ თქვეს, რომ მერაბიშვილის პატიმრობას, შესაძლოა, სხვა ფარული მიზანი ჰქონოდა.