აქტუალური
ლელა ჩიქოვანისთვის პოლკოვნიკის წოდება ლევან იზორიას არ მიუნიჭებია

   საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ლელა ჩიქოვანს პოლკოვნიკის სპეციალური წოდება ჯერ კიდევ შს სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიენიჭა. 2017 წლის 20 თებერვალს კი, თავდაცვის  მინისტრის ბრძანებით, ჩიქოვანის წოდება გაუთანაბრდა თავდაცვის  სპეციალურ წოდებას - თავდაცვის პოლკოვნიკი.

გამომდინარე იქედან, რომ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის საშტატო განრიგში განსაზღვრულია სპეციალური წოდების საშტატო კატეგორია - თავდაცვის გენერალ-მაიორი, ლელა ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრის მიერ პრეზიდენტთან წარდგენილი იქნა შესაბამისი წოდების მისანიჭებლად.

ასევე, თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტთან გენერალ-მაიორის სამხედრო წოდებაზე წარადგინა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია. გარდა ამისა, მინისტრის მიერ ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდებაზე წარდგენილი არიან გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა და მოადგილეები, პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე და პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე. ლევან იზორიას ეს გადაწყვეტილება განპირობებულია მათ მიერ დაკავებული თანამდებობებით განსაზღვრული წოდებრივი მოთხოვნებით.

ნატოს მიერ მხარდაჭერილი რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის არსებობს, ასევე, ნატოს სტანდარტი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში უმაღლესი წოდების პირების - გენერლების საჭიროებას განსაზღვრავს.