აქტუალური
თავდასხმა შორენაზე და მაღალი თანამდებობა საპატრიარქოში – ციანიდის სანაცვლოდ?

   საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. .. ციანიდის საქმეში არსებულ ფარულ ჩანაწერში მამა გიორგი მამალაძის გარდა რამდენიმე პირი ფიგურირებს, - ამის შესახებ განცხადებას ადვოკატი ირმა ჭკადუა აკეთებს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მოწმეა.

ჭკადუას თქმით, ჩანაწერიდან, რომელიც მას ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ აჩვენა, იკვეთება, რომ დანაშაული გარკვეულ პირთა წინააღმდეგ მზადდებოდა.

ცალსახად იმ მტკიცებულებებში, რომელიც მე ვნახე, ჩანდა გარკვეულ პირთა წინააღმდეგ დანაშაულის მომზადების ფაქტი. იყო აუდიო- ვიდეოჩანაწერი და, ასევე, იყო გარკვეული მტკიცებულებები წერილობით. იყო ერთი ჩანაწერი, მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ როგორც ირაკლიმ თქვა, იქ იყო არა მარტო გიორგი მამალაძე, კიდევ მის გარდა იყვნენ სხვა ადამიანები (ასე განაცხადა ჭკადუამ ტელევიზიით, ისინი სამნი იყვნენ – რედ.) და მიმითითა, რომ ერთ-ერთი გახლავთ მამა გიორგი მამალაძე“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ჟურნალისტ მამალაძეს ნატრიუმის ციანიდის შეძენისთვის მადლობის ნიშნად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში მაღალ თანამდებობას შეჰპირდნენ, რაც გუშინ ირაკლი მამალაძემ სატელევიზიო კომენტარით დაადასტურა.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობაში პატრიარქი ილია მეორე საერთოდ არ არის მოხსენიებული – იქ საუბარია მისი რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის სიცოცხლეზე თავდასხმის მცდელობის შესახებ.

თავად თეთრუაშვილს ამის არ სჯერა და როგორც გუშინ განუცხადა უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს, „იგი, როგორც ინსტრუმენტი პატრიარქის წინააღმდეგ ამ საქმეში უბრალოდ გამოიყენეს, სინამდვილეში კი მზადდებოდა თავდასხმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსა და უწმიდესზე“.

თავის მხრივ, დეკანოზ მამალაძის ახალი ადვოკატის განცხადებით, ის უწინდებურად უარყოფს თავის დანაშაულს და აცხადებს, რომ ნატრიუმის ციანიდი მის ბარგში, რომელიც მას  დაკავებიდან რატომღაც რამდენიმე საათის შემდეგ მიუტანეს, საერთოდ არ ყოფილა.