აქტუალური
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია თურქ კოლეგას შეხვდა

  საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ორმხრივი შეხვედრები გამართა. თურქ კოლეგასთან ფიქრი იშიკთან შეხვედრის დასაწყისში ლევან იზორიამ აღნიშნა საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ და კოლეგას თურქეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

  მინისტრებმა მაისში თბილისში დაგეგმილ თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალზეც იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მიერ სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.

  ლევან იზორიამ თურქ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციისა და საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

  განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართულობა. ლევან იზორიამ კოლეგასთან კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, რომ ქართული კონტინგენტი ავღანეთში მომავალი წლის გაზაფხულამდე დარჩება და მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში კონტრიბუციას გააგრძელებს.