რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ვინ უბრძანა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ილია II-ის განცხადებიდან მთავარი ამოეჭრა?!

   გასულ ხუთშაბათს, 16 თებერვალს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ თავის Facebook-გვერდზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორის ვიდეოგანცხადება გაავრცელა ბერლინის კლინიკიდან.

თავის განცხადებას პატრიარქი იწყებს აღმოსავლური სიბრძნით იმის შესახებ, რომ ყოველი მწუხარება საწყისია სიხარულისა, სიხარული კი საწყისია მწუხარებისა. თავდაპირველად უწმინდესი კარგ ამბავს გვაუწყებს - რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, შემდეგ კი თბილისში მომხდარ საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სამწუხარო მოვლენებზე გადადის: "მინდა, ასევე, შევეხო მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებულ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას. მე საკმაოდ დიდი ხანია, ვიცნობ მამა გიორგის და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან...".

აქ ვიდეოჩანაწერი წყდება და შესაძლებელია, მოგეჩვენოთ, რომ ოპერაციის შემდეგ ჯერ კიდევ სუსტად მყოფი პატრიარქი, გასაგები მიზეზების გამო, აღელდა და თავისი განცხადება დაამთავრა. თუმცა, პატრიარქის განცხადება სხვა წყაროებმაც განათავსეს YouTube-ზე, მაგალითად, სახელმწიფო ტელევიზიის 1 არხმა - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა "მოამბემ", სადაც ვიდეო გრძელდება - იქ ილია მეორე ლაპარაკობს ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის ერთიანობაზე, რომელსაც ვერავინ შეარყევს", რომ ის სამი დღის შემდეგ (ანუ დღეს, ორშაბათს) დაბრუნდება საქართველოში და, ღვთის ნებით, ყველაფერი გაირკვევა - დაწყნარდება. პატრიარქი ყველას პირჯვარს გადასახავს და ამ დალოცვით ჩანაწერი მთავრდება.

მაგრამ შაბათს, 18 თებერვალს ტელეკომპანია "ობიექტივმა" გაავრცელა ილია II–ის განცხადების მესამე, ყველაზე სრული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პატრიარქი თავისი განცხადების შუაში, მამა გიორგის შესახებ ზემოთ მოყვანილი ციტატის შემდეგ, რომ “მისგან კარგის მეტი არაფერი სმენია და უნახავს”, წარმოთქვამს სამ ყველაზე მთავარ წინადადებას: "რა მოხდა?! რატომ ამბობს მამა გიორგი ხან ერთს, ხან მეორეს?! ვისი დავალებით ხდება ეს?!".

ამის შემდეგ ჩანაწერზე ხმა და გამოსახულებაც ერთი წამით ბუნდოვანი და გაურკვეველი ხდება. რაც აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ "ობიექტივის" ვიდეოჩანაწერიც კი არ გახლავთ სრული! პატრიარქი, უეჭველია, ავითარებს აზრს იმის შესახებ, თუ "ვისი დავალებით ხდება ეს"  და ეს “არა პოლიტკორექტული” ფრაგმენტი, როგორც ჩანს, ვიღაცის მითითებით ამოჭრილია. ამიტომ ლოგიკური კავშირი პატრიარქის მომდევნო სიტყვებთან "ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის ერთიანობაზე, რომელსაც ვერავინ შეარყევს",  გაწყვეტილია. პატრიარქმა, როგორც ჩანს, არაორაზროვნად მიანიშნა მათზე,"ვისი დავალებითაც" წარმოიშვა ეს "უცნაური და რაღაც არანორმალური სიტუაცია" "ქართული ეკლესიისა და ქართველი ხალხის ერთიანობის დანგრევის” მიზნით.

საქინფორმის” მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 20 თებერვალი
საქართველო, თბილისი