აქტუალური
საპრეზიდენტო მოდელის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელით შეცვლის საკითხზე საკონსტიტუციო კომისიამ იმსჯელა

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე სრულად გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის ინიციატივას განიხილავდნენ პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში.

  „პრეზიდენტს უკვე შეზღუდული ჰქონდა ის უფლებამოსილება, რაც ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებამდე. შესაბამისად, ის ხელისუფლების შტოს არ წარმოადგენს. ხელისუფლების სამი შტო არსებობს - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. აქედან გამომდინარე, გარკვეული ბალანსი დაირღვა იმიტომ, რომ კონსტიტუციაში დარჩა არსებული ჩანაწერები“, -აცხადებს ეკა ბესელია.

  „თუკი ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ უნდა წავიდეთ საპარლამენტო მოდელზე, მაშინ მაქსიმალური აქცენტი უნდა გაკეთდეს პარლამენტის უფლებამოსილების გაძლიერებაზე და პრეზიდენტს ჰქონდეს უფრო მეტად სიმბოლური, არა პოლიტიკის გამტარებელი ფუნქცია“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ ნინო ლომჯარიამ.

  საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში ინიციატივას საფრთხის შემცველად მიიჩნევენ ოპოზიციის წევრები. ნათელია, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტზე თავდასხმა არ უკავშირდება ქვეყნის მოწყობის ახალი კონსტიტუციური მოდელის შემუშავებას და განპირობებულია პიროვნული უთანხმოებით“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.