პოლიტიკა
პრემიერმა კვირიკაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგნენ რუსეთის პროვოკაციულ მოქმედებებს

  საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალის რეგიონისთვის რუსეთის ფედერაციის სუბიექტის ანალოგიური სახელის მინიჭების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, ერთიანი ძალისხმევით წინ აღუდგეს რუსეთის ფედერაციის პროვოკაციულ ქმედებებს.

  პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციის გაძლიერებითა და მათი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებით პასუხობს, რაც ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას.

  მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატს, როგორც უმნიშვნელოვანეს მექანიზმს პრობლემური საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისთვის.