აქტუალური
შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო

  საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო. წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში ახალწვეულებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი დახვდნენ.

  გენერალური შტაბის უფროსი ახალწვეულებს პირადად გაესაუბრა და წვევამდელთა სისტემის ახალი პირობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

  სავალებულო სამხედრო სამსახურის ახალი წესის მიხედვით, წვევამდელები 3 თვის განმავლობაში სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან და სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბდებიან. გარდა ამისა, სამთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა სამხედრო განწესში ყოფნისა, ყოველდღიურად ექნებათ საბრძოლო მომზადების საათები, ისევე, როგორც საკონტრაქტო სამსახურში მყოფებს.