რელიგია
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადება

  საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

  „გერმანიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 8 თებერვალს  დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა.

  წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ინტენსიურ პალატაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

  მისი უწმინდესობის სახელით მადლობას ვუხდით ჰელიოს ბერლინ ბუხ კლინიკას და ქირურგს, პროფესორ მარტინ შტრიკს, ასევე სრულიად საქართველოს მოსახლეობას და ყველა გულშემატკივარს გულმხურვალე ლოცვის, გამოჩენილი თანაგრძნობისა და თანადგომისათვის.

  რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტს, ეს არის ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი. ინფორმაციის არქონის გამო, ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ და დაველოდებით გამოძიების შედეგებს“.

  საქინფორმი აღნიშნავს, რომ ილია მეორე მომხდარის საქმის კურსშია.