სამართალი
პროკურატურამ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავა

  საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

  „2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით.

  აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

  გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

  როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე“.

გუშინ, ორშაბათს, საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ 10 თებერვალს, პარასკევს, განთიადისას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში გაფრენას აპირებდა, სადაც მკურნალობის კურსს გადის ილია მეორე, რომელიც იქ მიტროპოლიტების – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრების უმრავლესობასთან ერთად იმყოფება. ილია მეორეს გუშინ წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით და ის უკვე გადაყვანილია ინტენსიური ტერაპიის განყოფილებაში.

დეკანოზ მამალაძის ბარგში აღმოჩენილი იქნა შხამიანი ნივთიერება – კალიუმის ციანიდი, რომლითაც, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინასწარი მონაცემებით, იგი „სულიერი იერარქიის მაღალი პირის“, სავარაუდოდ, სრულიად საქართველოს პატრიარქის მოწამვლას აპირებდა, მთავარ მტკიცებულებას – მისი საუბრის ჩანაწერს პირთან, რომელმაც მას კალიუმის ციანიდი გადასცა და, თითქოსდა, ამის შესახებ პროკურატურაში განაცხადა, საქართველოს მთავარი პროკურატურა დღეს გაასაჯაროებს.

საქინფორმი დასძენს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი იყო და, შესაბამისად, თავისუფალი წვდომა ჰქონდა სხვადასხვა, მათ შორის მომწამვლელ ნივთიერებასთან. გარდა ამისა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამო მას თავისუფალი წვდომა ჰქონდა პატრიარქთან, ამიტომ კალიუმის ციანიდის შეძენასთან დაკავრებული ისტორია კითხვებს ბადებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე წარმოშობით აჭარიდანაა, მის საკუთარ სახლში, ქობულეთში, ჩატარდა ჩხრეკა, რომლის დროსაც აღმოჩენილი იქნა თვითნაკეთი პისტოლეტი და 6 ვაზნა, ასევე რაღაც დოკუმენტები, რომლებიც უკრაინასთან მის კავშირს მოწმობს, სადაც მან სასულიერო განათლება მიიღო. აქვთ თუ არა მათ კავშირი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან, ან მის ყოფილ თანაკურსელებთან სემინარიაში, ზუსტდება. თბილისში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში მაღალ თანამდებობებზე დეკანოზი გიორგი მამალაძე მხოლოდ ერთი წლის წინ გადმოიყვანეს – მანამდე ის ბათუმში, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში მსახურობდა და ამავდროულად, ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სემინარიის ზედამხედველი იყო, სადაც ერთ საგანში ლექციებს კითხულობდა.