საზოგადოება
მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან განათლების სისტემის რეფორმის მიმართულებით ითანამშრომლებს

  საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მიმართულება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მსოფლიო ბანკის განათლების გლობალური პრაქტიკის ხელმძღვანელის კრისტიან აედოს შეხვედრის მთავარი თემა იყო.

  შეხვედრისას გიორგი კვირიკაშვილმა დეტალურად ილაპარაკა განათლების სისტემის ყოვლისმომცველ რეფორმაზე, რომელიც შრომის ბაზარსა და საქართველოში არსებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ქართულმა მხარემ ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

  პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ზრდასრულთათვის განათლების მიღების შესაძლებლობაზეც გაამახვილა, რაც ყველა ასაკის ადამიანს სასურველი პროფესიის დაუფლებისა და დასაქმების, ან საკუთარი ბიზნესის წამოწყების საშუალებას მისცემს.

  შეხვედრას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დაესწრნენ.