სამართალი
აფხაზეთში დატყვევებული გიორგი ლუკავას მეუღლე მშრალ შიმშილობას განაგრძობს

  საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთში დატყვევებული ქართველი ბოევიკის გიორგი ლუკავას მეუღლე  ლალი ბასარია მის გათავისუფლებას ითხოვს და მთავრობის კანცელარიაში მშრალ შიმშილობას განაგრძობს.

  „მეომრები, რომლებიც ომის დროს თავის ქვეყანას იცავდნენ, დღეს მკვლელებად შერაცხეს. სანამ არ ამოქმედდება ცხელი ხაზი და ჩემს მეუღლესთან არ მომცემენ ლაპარაკის უფლებას, შიმშილობას არ შევწყვეტ“, - განაცხადა ლალი ბასარიამ.

  მოგვიანებით პრემიერის პრესსამსახურმა მედიისთვის განცხადება გაავრცელა.

  „გიორგი ლუკავას გათავისუფლება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია, თუმცა უარვყოფთ დაკავებულის მეუღლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოქალაქე გიორგი ლუკავას გათავისუფლების ვადებთან დაკავშირებით რაიმე სახის განცხადება გააკეთა", - ნათქვამია განცხადებაში.