საზოგადოება
ენმ ზურაბ აბაშიძეს პარლამენტში იბარებს

  საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში იბარებს.

  „უნდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომელიც ზურაბ აბაშიძემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა, რომ თითქოს ევროპასთან უვიზო რეჟიმი - ეს არის, მათ შორის, ამ ფორმატის დამსახურება. ეს არის პირდაპირ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რომ თითქოს ჩვენ ჯერ რუსეთთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობები და ამის შემდეგ გვექნება წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ დროს პირიქითაა. საქართველოს შეუქცევადი ევროპული მომავალი არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენ დაგვეხმარება რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში და ბატონმა აბაშიძემ მსგავსი განცხადებები, რომლებიც პირდაპირ რუსეთის ინტერესებში შედის, არასდროს უნდა გააკეთოს, თუ ის მართლაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს წარმოადგენს ამ მოლაპარაკებებზე...

  ჩვენ, როგორც პარლამენტში წარმოდგენილი ძირითადი ოპოზიციური ძალა, მოვითხოვთ, რომ ბატონი აბაშიძე აღნიშნული შეხვედრის შემდეგ მობრძანდეს საგარეო კომიტეტის სხდომაზე და ჩაგვაბაროს ანგარიში აღნიშნული მოლაპარაკებების შესახებ, და ზოგადად, მომავალში ვფიქრობ, რომ აუცილებელია მან მსგავსი შეხვედრების წინ და შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი კონსულტაციები გაიაროს”, - როგორც ყოველთვის, ამაყად ცხვირაწეულმა განაცხადა სააკაშვილის პარტიის „სახემ“ სალომე სამადაშვილმა.