აქტუალური
უწყებათაშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო

  საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო სიტუაციების (CMEP) ხუთდღიანი უწყებათაშორისი სწავლება „კოლხიდა 2017“ დაიწყო. ტრენინგი მიზნად ისახავს ბუნებრივი და ტექნოლოგიური კატასტროფის დროს უწყებებს შორის კოორდინირებულ მოქმედებას, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებასა და კრიზისებზე რეაგირებას.

  ტრენინგი სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართება. სტიქიური უბედურების ადგილად ქობულეთის ტერიტორიაა გამოცხადებული. სცენარის მიხედვით, მიწისძვრის შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობებია დაზიანებული. უწყებების ერთიანი მოქმედების შედეგად უმოკლეს დროში უნდა მოხდეს დაზიანებების ლიკვიდირება და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სწავლების მხარდამჭერია აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია, აშშ-ის ევროპული სარდლობა და საინჟინრო კორპუსი.