აქტუალური
თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ნატოს შტაბბინაში შეხვედრები გამართა

   საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა ნატოს შტაბბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) სხდომას დაესწრნენ. სხდომის მიზანი ნატოს მხარისთვის თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შეფასება და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი იყო. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტემიოლერს შეხვდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხები განიხილეს. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს აქტიურ ჩართულობას შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებს. ალიანსის წევრებმა თავდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.