რედაქტორისგან
ევროპაში დადიოდნენ და ივლიან ისინი, ვისაც ფული აქვს! - “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი საქართველოსთვის ვიზების გაუქმების შესახებ (Eurasia Diary ექსკლუზივი)

   Eurasia Diary ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა საქინფორმის მთავარ რედაქტორს, პოლიტოლოგს, ექპერტს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებში არნო ხიდირბეგიშვილს, რომელმაც გვიამბო - რას ნიშნავს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. შეგახსენებთ, რომ 2 თებერვალს, ბრიუსელში ჩატარებულ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის დეპუტატებმა ხმა მისცეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას. ახლ ისინი შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

  Eurasia Diary: როგორ იმოქმედებს საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის დაშვება შემდგომ სიტუაციაზე ქვეყანაში?

  არნო ხიდირბეგიშვილი:  ჯერ ერთი, ყველას მინდა ავუხსნა უვიზო რეჟიმის ნიუანსები. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ყოველ ნახევარ წელიწადში 90 დღის განმავლობაში უვიზოდ იმყოფებოდნენ შენგენის ზონაში (სულ 30 ქვეყანაში: 22 - ევროკავშირის წევრი, 4 - არა წევრი და 4 - წევრობის კანდიდატი). მეტი ხნით ყოფნისათვის საჭიროა დღემდე მოქმედი ჩვეულებრივი წესით მომზადებული ვიზა. ყველა პროცედურამ წარმატებითაც რომ ჩაიაროს და მარტში უვიზო რეჟიმი ძალაში შევიდეს, აეროპორტის სასაზღვრო ზონაში მაინც საჭირო იქნება ზოგიერთი დოკუმენტის წარდგენა.

  ამგვარად, ჩვენ სხვა ევროპელებივით მხოლოდ პასპორტის წარდგენით ვერ გავივლით სასაზღვრო კონტროლს - ბიომეტრიული პასპორტის გარდა, უნდა წარვადგინოთ სასტუმროს ჯავშანი, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, საბანკო ანგარიშის ამონაწერი იმის დასტურად, რომ საკმარისი თანხა გვაქვს ევროპაში ყოფნის მთელი პერიოდისათვის (ან ნაღდი ფული, მინიმუმ, 25 ევრო დღიურად, თუ არ ვცდები). მაგრამ ეს ყოველივეც არ გახლავთ გარანტია, რომ გაგვიშვებენ. მაგალითად, თუ საქართველოს კონკრეტული მოქალაქის მიმართ საქართველოს ან სხვა ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს თუნდაც სულ მცირე პრეტენზია აღმოაჩნდებათ, მას ევროკავშირში შესვლაზე უარს ეტყვიან.

  უვიზო მიმოსვლის უარყოფით მხარეებზე თუ ვილაპარაკებთ, ვშიშობ, ის ქვეყნიდან მოსახლეობის, კვალიფიციური მუშახელის გადინებას გამოიწვევს, როგორც ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში მოხდა. ევროპაში ჩვენ იძულებული ვიქნებით, დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე დავსაქმდეთ, მაგალითად - მომვლელებად, დამლაგებლებად. ჭურჭლის მრეცხავებად, რადგან შენგენზონაში ლეგალურად მუშაობის უფლებას ვიზალიბერალიზაცია არ აძლევს. ხოლო თუ ჩვენი ხალხი იქ არალეგალურად დარჩება, ან ქართულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებას კვლავ დააკავებენ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, ევროპარლამენტს შეუძლია, მაშინვე გააუქმოს უვიზო მიმოსვლა - ამისთვის მათ ჯერ შეჩერების მექანიზმი შემოიღეს! ამის შემდეგ ისევ დიდხანს მოგვიწევს მტკიცება, რომ საზღვარგარეთ კარგად მოვიქცევით...

სავიზო რეჟიმის გაუქმებას დადებითი მხარეებიც აქვს. როგორც ცნობილია, საქართველოში გავრცელებულია აზრი, რომ პრორუსული პროპაგანდა მუქ ფერებში ხატავს ევროპას, სინამდვილეში კი იქ ნამდვილი სამოთხეა! ჰოდა, დაე, ჩავიდნენ ახლა ჩვენი მოქალაქეები და საკუთარი თვალით ნახონ, რომ ევროკავშირშიც არ არის დალხენილი ცხოვრება, რომ იქ მუშაობაა საჭირო და არა ლაქლაქი, და რომ ევროპელებსაც საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვთ!

პირადად მე ვფიქრობ, რომ რაიმე განსაკუთრებული გარღვევა არ მომხდარა. შესაძლოა, მხოლოდ მორალური კმაყოფილების მხრივ, თორემ რეალურად არაფერი შეცვლილა. ევროპაში ყოველთვის მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები დადიოდნენ, ვისაც ფული ჰქონდა! ისინი ყოველთვის უპრობლემოდ ღებულობდნენ ნებისმიერ ვიზას. ხოლო ვისაც ფული არა აქვს, ვინც არსებობისათვის იბრძვის - ასეთი კი საქართველოს მოსახლეობის 80%-ია - მათ უვიზო რეჟიმი არ აღელვებთ. ევროკავშირში წასასვლელად ნებისმიერ შემთხვევაში ფულია საჭირო.

Eurasia Diary: როგორ მოხდა, რომ საქართველომ უკრაინაზე ადრე მიიღო ევროპასთან უვიზო მიმოსვლა?

არნო ხიდირბეგიშვილი: ელემენტარულად. 2007- 2008 წლებში სააკაშვილი ხედავდა, რომ ფეხქვეშ მიწა ერყეოდა - გახსოვთ 300-ათასიანი საპროტესტო მიტინგები მისი გადადგომის მოთხოვნით და მხეცური დარბევა რუსთაველის პროსპექტზე? ახლა ზუსტად ისე ირყევა ყველაფერი პოროშენკოს ფეხქვეშ, რეიტინგი თითქმის ნულოვანია. ისიც ზუსტად სააკაშვილის მსგავსად მოიქცა, რომელმაც მაშინ ღამით დაბომბა ცხინვალი და სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო! პოროშენკომ ღამით მიაყენა სარაკეტო დარტყმა დონბასს და სახრეთ უკრაინაში ომი განაახლა! ამით სააკაშვილი და პოროშენკო წარუმატებლად ცდილობდნენ აშშ-ის დაშანტაჟებას. ხოლო ევროპამ, რომელიც თავდაპირველად მხარს უჭერდა, მერე დაინახა, რომ მათ მეტისმეტი მოუვიდათ.

ბუნებრივია, დღეს ევროპა არ მისცემს უვიზო რეჟიმს უკრაინას - ქვეყანას, სადაც ღია ომია! ხომ გესმით, რომ დღეს უკრაინა შავი ხვრელია პოსტსაბჭოთა სივრცის მთელ ტერიტორიაზე! იქ ყოველი მხრიდან ჩადიან დამნაშავეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში იდევნებიან, ხოლო უკრაინა მათ ინტერპოლსაც კი არ გადასცემს! ამის გამართლებას იმ ფაქტით ცდილობენ, რომ ისინი უკრაინისთვის იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ... ბუნებრივია, ასეთ ქვეყანას უვიზო რეჟიმს არავინ მისცემს.

Eurasia Diary: მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში დიდი ხმაური გამოიწვია ახალმა ამბავმა იმის შესახებ, რომ შესაძლებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?

არნო ხიდირბეგიშვილი: უცნაურია, ეს „ახალი ამბავი“ მხოლოდ ახლა რატომ გამოჩნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. საქმე ეხება დაახლოებით ერთი თვის წინანდელ საუბარს - ეს იყო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ინტერვიუ, მაგრამ გაზეთ „იზვესტიას“ ჟურნალისტის შეკითხვაზე მისი პასუხი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. აბაშიძე არასდროს ამბობს ზედმეტ სიტყვას, თუ ამაზე ცენტრალური ხელისუფლების თანხმობა არა აქვს მიღებული. ახლაც მას მხოლოდ ის ჰქონდა მხედველობაში, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული პირობები შესრულდება.

სრულიად ნათელია, რა პირობებია ეს და ამაზე უკვე ათასჯერ ითქვა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება რუსეთს ოფიციალურად მიიჩნევს ოკუპანტად და ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ლაპარაკი შეუძლებელია, სანამ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ უარყოფს და იქიდან თავის სამხედრო ბაზებს არ გაიყვანს. რუსეთი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ მზად არის საქართველოსთან დიალოგისთვის, მაგრამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია და გადახედვას არ ექვემდებარება.

მეტსაც გეტყვით. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან არ აღდგება. საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ „მოდაში“ შემოღებული ახალი პოლიტიკური ტრენდის გავლენითაც კი არ შეცვლის თავის პოზიციას - რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ვგულისხმობ. საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას დღეს თუ ერთს განაცხადებს, არ შეუძლია ხვალ სხვა რამ გააკეთოს და არც გააკეთებს...

ინტერვიუ ჩამოართვა სეირან აბასზადემ
2017 წლის 3 თებერვალი

 

© ინფორმაციის გამოყენებისას აუცილებელია საერთაშორისო საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალის Eurasia Diary-ს ჰიპერბმულის მითითება