საზოგადოება
მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა 107%-ით გაიზარდა

  საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი.  2016 წელს მაღალმთიან აჭარაში ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა 2015 წელთან შედარებით 107%-ით გაიზარდა, რაც 5513 ვიზიტს გულისხმობს. წლის განმავლობაში მაჭახელას, ხიხანისა და ქედის ტურისტული მარშრუტები ვიზიტორებსა და ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, რაც აისახა საოჯახო-სასტუმრო სახლებში ვიზიტორების რაოდენობაზეც.

  „ჩვენი სააგენტო 2016 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შექმნისა და პოპულარიზაციის მიმართულებით. წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მაჭახელას, ხიხანისა და ქედის ღვინის მარშრუტის მარკირება-განვითარება. ჩვენ აღნიშნულ მარშრუტებზე ორგანიზება გავუწიეთ 18 ინფოტურს, რომლის ფარგლებშიც იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს 300-ზე მეტი ადამიანი გაეცნო. აღნიშნული მარშრუტების გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით ასევე მოვახდინეთ 18 გიდის გადამზადება. ჩვენ მიმდინარე წელსაც გავაგრძელებთ  ამ მიმართულებით მუშაობას და ვფიქრობ, წლის ბოლოსთვის ისევ მივიღებთ ტურისტების გაზრდილ რაოდენობას“, - აღნიშნა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.